თოლორაიას თქმით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.
კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და მას მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
„ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე“, - აღნიშნა თოლორაიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა მოუწოდა, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში 116 პირი ამხილეს, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი) 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირშია მხილებული.