მემორანდუმი გულისხმობს მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების ერთობლივ განხილვას და საყურადღებო პროექტების ფინანსური მხარდაჭერის ხელშეწყობას.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი აღნიშნავს, მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ინფრასტრუქურულ, სოციალურ თუ საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროექტების დაგეგმარებისა და სწორად წარმართვისთვის.
„ბიუჯეტის სახსრები ჩვენს მოსახლეობას ეკუთვნის და მათი აქტიური ჩართულობით თანხა სწორად, მიზნობრივად და მართლზომიერად უნდა განვკარგოთ“, – აცხადებს გიორგი თუშიშვილი.
„მედია ცენტრი კახეთისა“ და პროექტის ხელმძღვანელის, მაია მამულაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდება სპეციალური ტრენინგ-მოდულები; შეიქმნება ონლაინ-პლატფორმა www.initiative.ge, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ატვირთავს და ხმას მისცემს ინიციატივებს; ჩამოყალიბდება მრჩეველთა საბჭო, რომელიც წარმოდგენილ წინადადებებს განიხილავს და შესაბამის სტრუქტურებში ადვოკატირებას გაუწევს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი თუშიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია