weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი კორუფციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს

12:21 შაბათი, 16 თებერვალი 2019

გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილი უარყოფს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის მიერ ბანკიდან აღებული სესხის ვადაზე ადრე სრულად დაფარვა რაიმე კავშირშია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაპატიმრებასთან.

„დავით ნარიმანიშვილმა 2017 წლის თებერვალში საქართველოს ბანკიდან აღებული იპოთეკური სესხით და მის მიერ გაყიდული ბინიდან მიღებული თანხით, ვადაზე ადრე, სრულად დაფარა ბანკ „რესპუბლიკიდან“ აღებული სესხი. თუმცა, იმის გამო, რომ „რესპუბლიკა“ და „თიბისი“ ბანკი გაერთიანდა დაფარული სესხის შესახებ ცნობა მოსამართლემ დროულად ვერ მიიღო, აღნიშნულის გამო გაჭიანურდა თბილისში, უორდროპის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული იპოთეკის მოხსნა. დავით ნარიმანიშვილმა „თიბისი“ ბანკიდან იპოთეკის მოხსნაზე თანხმობა 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში მიიღო, განცხადება იპოთეკის მოხსნაზე კი საჯარო რეესტრში 2018 წლის 17 დეკემბერს, 16:09 წუთზე დარეგისტრირდა. იპოთეკის მოხსნისა და დავით კირკიტაძის დაკავების ვადების ერთმანეთთან დაკავშირება აბსურდია, იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა სესხი 2017 წლის თებერვალში სრულად დაფარა“, - ნათქვამია გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი განიხილავს დავით კირკიტაძის საქმეს. კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმაშია ბრალდებული. საქმე ეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტს. პოლიციამ იმ მიზნით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს თელავამდე ვერ მიეღწიათ, გურჯაანში გზები რამდენიმე ადგილას ჩახერგა. სოფელ ველისციხეში გზა ავტობუსით გადაკეტეს. გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ კირკიტაძე ავტობუსის საჭესთან მყოფ პოლიციელს კაბინაში ფანჯრიდან უვარდება და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, 20 დეკემბერს, მოსამართლე ნარიმანიშვილმა შეუფარდა. მანვე 12 თებერვალს არ დააკმაყოფილა კირკიტაძის ადვოკატის შუამდგომლობა, ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შესახებ.

ამის შემდეგ ინტერნეტგამოცემა presa.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც მოსამართლემ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, მის ქონებას 200 ათას ლარიანი ყადაღა მოეხსნა.

მოსამართლის განმარტებით, ის 2003 წლიდან მუშაობს, ფლობს უძრავ ქონებას, 15 წელია მაღალი ხელფასი აქვს და თბილისში, უორდროპის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის აშენებაც ლეგალური შემოსავლებით მოახერხა.

დავით ნარიმანიშვილი წარმოშობით ახალციხიდანაა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან. ნარიმანიშვილი 2002-2003 წლებში იყო ვალეს და ახალციხის გამგეობის წევრი, ახალციხის გამგეობის იურისტი; 2003 წელს იყო ახალციხის №37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; 2004-2007 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად; 2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შემდგომ კი სამმართველოს უფროსად; 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აგვისტომდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2011 წლის ნოემბრიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის ოქტომბრიდან გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2008 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]