weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ CiDA-სთან თანამშრომლობა შეაჩერა

13:58 შაბათი, 16 თებერვალი 2019
ფოტოზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ფოტოზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women Georgia) „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან“ (CiDA) თანამშრომლობა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი CiDA-ს მიმართ ფინანსურ გადაცდომასთან და სამუშაო ადგილზე არაჯანსაღ კულტურასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები გახდა.

„მიმდინარე წლის 12 თებერვალს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთ-ერთ პარტნიორს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანამშრომლობის ხელშეკრულება შეუჩერა. შეჩერების მიზეზი გახდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიმართ გამოთქმული რამდენიმე ბრალდება ფინანსურ გადაცდომასთან და სამუშაო ადგილზე არსებულ არაჯანსაღ კულტურასთან დაკავშირებით. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინარჩუნებს ვალდებულებას, პირდაპირი ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოს კერძო სექტორის იმ კომპანიებს, რომლებთანაც CiDA თანამშრომლობდა“, – ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

CiDA თანამშრომელმა ლიკა კასრაძემ გუშინ სოციალურ ქსელში საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს რომ სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. კასრაძის თქმით, სამი თვის ორსული და ორი წლის ბავშვის დედა იმ არასამთავრობო ორგანიზაციიდან გაათავისუფლეს, რომელიც ქალთა გაძლიერების კუთხით მუშაობს და სადაც 2015 წლიდან იყო დასაქმებული.

ლიკა კასრაძე CiDA-ს ფინანსურ მაქინაციებშიც ადანაშაულებს. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურიდან მიიღო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მის ოფიციალურ შემოსავლად უფრო დიდი თანხა იყო მითითებული, ვიდრე ის, რასაც რეალურად იღებდა.

„შემოსავლების სამსახურში ფიქსირდება, რომ ორგანიზაციას ჩემთვის შრომის ანაზღაურების სახით თითქოს გადახდილი აქვს თანხა, რომელიც დაახლოებით 35 000 ლარით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც მე „სიდაში“ მუშაობისას რეალურად ხელფასის სახით მივიღე“, – წერს კასრაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მან ორგანიზაციის საქაღალდეებში აღმოაჩინა ხელშეკრულებები, რომლებიც მისი სახელით იყო დადებული, თუმცა ხელს მხოლოდ ერთ მათგანს აწერდა. კასრაძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები აღმოაჩინეს ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებმაც.

ლიკა კასრაძის ინფორმაციით, CiDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა და ეს ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა და სხვა თანამშრომლებმა მოითხოვეს.

სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ლიკა კასრაძის მიერ დასახელებულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, ორგანიზაციის დირექტორი არ იყო. საკითხს პროკურატურა სწავლობს.

სალომე ზურაბიშვილი CiDA-ს აღმასრულებელ დირექტორად 2018 წლის აპრილში დაინიშნა. მანამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა ზვიად დევდარიანი, რომელიც მას შემდეგ გადადგა, რაც რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]