weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ

15:53 შაბათი, 16 თებერვალი 2019
ფოტო: Kutaisipost.ge ფოტო: Kutaisipost.ge

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას და შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

ჭოგნარის მკვიდრის, ელგუჯა ლანჩავას თქმით, ადგილობრივებს არ სჯერათ, რომ მთავრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის აშენებას გეგმავს. მისივე ინფორმაციით, ჭოგნარელებისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა, ნაგავსაყრელის აშენების შემთხვევაში კი საძოვრის გარეშე დარჩებიან.

„თუ ნაგავსაყრელი გაკეთდება, დაღუპულები ვართ. გარშემო კარიერებია, მცირემიწიანობაა, რის გამოც ამ მინდორს საქონლისთვის ვიყენებით. გარდა ამისა, მიწა მოიწამლება. ტყუილია, რომ იქ ევროპული სტილის ქარხანას ააშენებენ. ასეთი ქარხანა იქ არ იქნება. იქნება დახვავებული ნაგავი, დაიპრესება და რომ დაიპრესება, მიწაში გაჟონავს. 30-დღიდან 28 დღე ქარია, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უბერავს და რა თქმა უნდა, გაავრცელებს სუნს და ნაგავს. მივმართავ ქუთაისის ხელმძღვანელობას: რატომ მოაქვთ ნაგავსაყრელი აქ? ნიკეას ქუჩაზე ხომ იყო ნაგავსაყრელი, ხომ იყო დაბინძურებული ყველაფერი? იგივე ვითარებას რატომ ქმნიან აღმოსავლეთით, უფრო ახლოს ქუთაისთან? თუ ქარხანას აკეთებენ და კარგი იყო, რატომ ნიკეას ქუჩაზე არ გააკეთეს?“ - აღნიშნა ელგუჯა ლანჩავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ჭოგნარის მცხოვრებლები ნაგავსაყრელის მშენებლობას არ დაუშვებენ:

„ხვალ, პირველ საათზე, რამდენიმე ათასი ადამიანი შევიკრიბებით და მივმართავთ უკიდურეს ზომას - შიმშილობას. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას. კიდეც რომ გადაგვიარონ სპეცრაზმა და ტანკებმა, ჯობია იქ დავიღუპოთ, ვიდრე მომავალი თაობა მოიწამლოს“.

ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოგნართან ნაგავსაყრელის მშენებლობა 2017 წელს დაანონსდა, რის შემდეგაც რამდენმე სოფლის მოსახლეობა პერიოდულად მართავდა საპროტესტო აქციებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს, მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფორასტრუქტურის სამინისტროს შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, პროექტის დონორები არიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონი ევროა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]