გადაცემა „კვირის აქცენტების“ სადავო ნაწილი ეხებოდა განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს, კერძოდ, გამოცდების წესში და სავალდებულო საგამოცდო საგნების ჩამონათვალში შეტანილ/დაგეგმილ ცვლილებებს. აღნიშნული საკითხზე ძირითადად ისაუბრა წამყვანმა ნიკა გვარამიამ, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი ცვლილებების მიმართ და აღნიშნავდა, რომ „არის სოფო გორგაძე, ხელმძღვანელი, რომელიც არ ვიცი კომუნიკაციაზე რატომ არ გამოდის, ვიცნობ არაჩვეულებრივად, ჩემს დროსაც მუშაობდა, ვიცი ზუსტად ეხლა რა ჯგუფია ეს ხომ, მოდი არც ვილაპარაკოთ, ეს არის სიკო ჯანაშია, ეს არის გიგი თევზაძე მათ შორის. ეს გავლენის ცენტრია მარტივად რომ ვთქვათ, სოფო გორგაძე მათი გავლენის ცენტრია. მე განათლების მინისტრი ვიყავი და ვიცი გავლენის ცენტრები როგორ არის გადანაწილებული განათლებაში და მათ შორის დღევანდელი მინისტრი არის ამ ადამიანების გავლენის ცენტრი“, „ვამბობ, რომ ცუდია [იგულისხმება გავლენის ცენტრის არსებობა]?, არ ვამბობ რომ ცუდია, ფაქტს [იგულისხმება სიკო ჯანაშია, გიგი თევზაძე, სოფო გორგაძე, განათლების მინისტრი როგორც გავლენის ცენტრი] ვამბობ, ერთი გავლენის ცენტრია“. „ძალიან უცნაური ფენომენია ბატონი ბატიაშვილი [განათლების მინისტრი], გავლენის ცენტრი, რომელსაც ეკუთვნის გითხარით“.
ქარტიას განცხადებით გიგი თევზაძემ მიმართა. მისი თქმით, იგი თავს არ უკავშირებს არავითარ გავლენის ცენტრს და ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. განმცხადებლის განმარტებით, არ სურს რომ მას აკავშირებდნენ განათლების სფეროში განხორციელებულ/დაგეგმილ ცვლილებებთან.
გადაწყვეტილების თანახმად, ქარტიის საბჭომ ასევე იმსჯელა, ნიკა გვარამია განცხადება, რომ სიკო ჯანაშია, გიგი თევზაძე, სოფო გორგაძე და განათლების მინისტრი ერთი გავლენის ცენტრია, იყო მისი სუბიექტური შეფასება თუ ეს ინფორმაცია ფაქტად გაავრცელა. „ამ შემთხვევაში საბჭო დაეყრდნო თავად ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც აღნიშნავს რომ ეს არის „ფაქტი“, ხოლო იმის გასამყარებლად, რომ ნიკა გვარამია სწორედ ის პერსონაა, რომელმაც შეიძლება ეს ფაქტი იცოდეს, ხაზი გაუსვა რომ „მე განათლების მინისტრი ვიყავი და ვიცი გავლენის ცენტრები როგორ არის გადანაწილებული განათლებაში“, - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში და იქვე ნათქვამია, რომ გადაცემაში არცერთ დასახელებულ პირს საშუალება არ მისცემია, რომ კომენტარი გაეკეთებინა ნიკა გვარამიას პოზიციაზე. თავად ნიკა გვარამიას არ უხსენებია რაიმე მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც „ფაქტს“ გაამყარებდა.
გადაცემის ფორმატთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს, რომ საავტორო გადაცემა განსხვავდება საინფორმაციო გამოშვებისაგან, მაგრამ არა ფაქტების სიზუსტის ნაწილში.
„საავტორო გადაცემის დროს მის ავტორს/წამყვანს აქვს უფრო მეტი თავისუფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია, შეფასება, მხარი დაუჭიროს ამა თუ პირს/მოსაზრებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარეობას, მაგრამ ვინაიდან საავტორო გადაცემის წაყვანა სრულად ჯდება ჟურნალისტურ საქმიანობაში, მის წამყვან ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.