როგორც სამინისტროში განმარტავენ, მათ მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინეს იმ კანონთა ნუსხა, რომელზეც მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავენ მუშაობას. გეგმაში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონიც არის.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ამოცანა გაწვევის პროცესის მოწესრიგებაა.
კანონის არსებული რედაქცია დღესაც უშვებს შეზღუდვას საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არ მოიხადეს სამხედრო ვალდებულება.
ამავე დროს, კანონი არ ათავისუფლებს ამ შეზღუდვისგან იმ პირებს, ვისაც სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი თავის დროზე ჰქონდა. შესაბამისად, საკანონმდებლო საქმიანობის გეგმის განმარტებაში გაკეთებული ჩანაწერი სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას გულისხმობს და არა დამატებითი შეზღუდვის დაწესებას.
მსგავსი ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება გეგმაში ასახული სხვა საკითხებიც.
ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის. ნებისმიერი ცვლილება შემუშავებული და წარდგენილი იქნება მხოლოდ შეგროვებული პრობლემატიკის სრულფასოვანი ანალიზის, ყველა უწყებასთან, თვითმმართველობებთან, პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ და საკანონმდებლო ცვლილების წარდგენისათვის დადგენილი წესით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყება ყველა დაინტერესებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საკითხის არასწორი ინტერპრეტაციებისგან და ნუ გამოიყენებენ ამ თემას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.