weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულში წმინდა გიორგის ეკლესია დააზიანეს

13:55 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

მარნეულში უცნობმა პირებმა წმინდა გიორგის ეკლესიის მინები ჩაამსხვრიეს და კარი დააზიანეს. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ინფორმაციით, ეს ტაძრის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. ეპარქიის შეფასებით, ეკლესიის დაზიანების მიზანი მრავალეთნიკურ მარნეულში მდგომარეობის დაძაბვაა.

„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ნეგატიურად აფასებს მარნეულში, ცენტრალური მოედნიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალი გზის სიახლოვეს მდებარე ახლადრესტავრირებული წმინდა გიორის სახელობის ტაძრის რამდენჯერმე დაზიანებისა და შელახვის ვანდალურ და ბარბაროსულ აქტს. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ამ ფაქტს ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან მოჰყვება შესატყვისი მორალური პასუხი. მოქმედ პროვოკატორებს უნდათ არეულობა შემოიტანონ და ჩრდილი მიაყენონ მარნეულში ერების მრავალკონფესიურ სამეზობლო თანაცხოვრების ტრადიციებს. ვფიქრობთ, სათანადო ორგანოები გაანალიზებენ ამ რეგიონში მშვიდი ვითარების პროვოკაციული ქმედებით არევა ვის ინტერესში უნდა შედიოდეს“, - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

მარნეულში, სადაც ეთნიკურიად ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, წმინდა გიორგის ტაძარი მე-19 საუკუნეში აშენდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ეკლესიის მდგომარეობის შესასწავლად მარნეულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ეკლესიას მნიშვნელოვანი დაზიანება არ აქვს. ვიღაცას უნდოდა შიგნით შეღწევა და შემდეგ შეიძლება კანკელიც დაეზიანებინათ. შიგნით ხის კანკელი და ხატებია. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება, რომ შემდეგში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, - განაცხადა სააგენტოს ინსპექციის განყოფილების თანამშრომლმა იოსებ აგლაძემ.

ეკლესიის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]