weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რა დარღვევაზე რამდენით შემცირდება მართვის მოწმობის ქულები

14:40 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედდება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა. წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ქულების რაოდენობას შეამცირებს. თუ ქულები ამოგეწურათ, მართვის უფლება 1 წლით შეგიჩერდებათ.

ახალი კანონის თანახმად, საქართველოში ან უცხო ქვეყანაში გაცემულ მოქმედ მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება 100 ქულა, რაც ძალაში იქნება 2018 წლის 1 იანვრამდე. ასევე 100 ქულა მიენიჭება 2017 წლის 1 ივლისამდე შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლებას, რომელიც აღდგენილ იქნება 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ.

2018 წლის 1 იანვრის შემდეგ, საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას 100 ქულა ენიჭება: ყოველი ახალი კალენდარული წლის 1 იანვარს; კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გაცემის დღეს.

დამატებით სხვა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება, კალენდარული წლის განმავლობაში შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების იმავე კალენდარულ წელს აღდგენა, კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა გავლენას არ ახდენს ქულების რაოდენობაზე.

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები ძალაში იქნება მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების დარჩენილი რაოდენობა გაუქმდება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.

წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას. ამასთან, ქულების რაოდენობის კლებას იწვევს მხოლოდ ქვემოთ მითითებული სამართალდარღვევები.

ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები არ იწვევს ქულების რაოდენობის შემცირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით გააფრთხილოს მართვის მოწმობის მფლობელი ქულების რაოდენობის 50-მდე შემცირებისას და შემდგომ 20-მდე შემცირებისას, თუ მას აქვს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

თუ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა კალენდარული წლის განმავლობაში იმდენად შემცირდება, რომ ნული ან ნულზე ნაკლები გახდება, მაშინ ქულების რაოდენობა ამოწურულად ჩაითვლება.

ქულების რაოდენობის ამოწურვა იწვევს მართვის მოწმობის მფლობელისთვის მინიჭებული ყველა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

პირს, რომელსაც ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო შეუჩერდა მართვის უფლება, ეს უფლება ავტომატურად აღუდგება მისი შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლისთანავე.

თუ პირს სურს მართვის უფლების ვადამდე აღდგენა, მან უნდა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა. ასეთ შემთხვევაში იგი გამოცდაზე დაიშვება კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. მართვის უფლების აღდგენისთანავე მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა.

ქულების რაოდენობის შემცირება განხორციელდება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული სახდელის - ჯარიმის დაკისრებასთან ერთად. სახდელდადებულ პირს უფლება აქვს 10 დღის ვადაში გაასაჩივროს შს სამინისტროს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან პირდაპირ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით. ამ კატეგორიის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრება აღარ დაიშვება. 

 

რა დარღვევებზე რამდენი ქულა ჩამოიჭრება

  • ავტომანქანის სამართავად გადაცემა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის - 30
  • იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში - 40
  • ავტომანქანის სამართავად გადაცემა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის - 40
  • იმ ავტომანქანის მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა, რომელსაც არ გაუვლია სავალდებულო პერიოდული ტესტირება - 15
  • მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 5
  • მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობა - 15
  • მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა - 5
  • მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა (გარდა მესაკუთრისა), მანქანის რეგისტრაციის დოკუმენტები ან მართვის დროებითი ნებართვა - 5
  • ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანის მართვა - 5
  • ავტომანქანის მართვა, რომელიც დასაშვებზე მეტ გამონაბოლქვს გამოყოფს - 10
  • თვითნებურად გადაკეთებული ავტომანქანის მართვა - 10
  • მანქანის მართვა შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის გარეშე - 15
  • მანქანის მართვა, რომლის მინები დასაშვებზე მეტად დამუქებულია - 5
    იგივე ქმედების მეორედ ჩადენა 1 წლის განმავლობაში - 10
    იგივე ქმედების მესამედ და მეტჯერ ჩადენა 1 წლის განმავლობაში - 15
  • 119-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, გზის, სხვა ქონების დაზიანება ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 20
  • სპეციალური ციმციმა სიგნალის, ხმოვანი სიგნალის ანდა ხმოვანი ხელსაწყოს დაყენება - 15;
    იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში - 20
  • სპეციალური ციმციმა და ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება - 10
  • იმ ავტომანქანის მოძრაობის შეფერხება, რომელზეც ჩართულია სპეციალური სიგნალი, რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ - 10
  • სასწრაფო დახმარების, სახანძროს ან პოლიციის მანქანების მოძრაობის შეფერხება - 20
  • 120-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, გზის, სხვა ქონების დაზიანება ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 40
  • მანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე პირისთვის - 15
  • იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, გზის, სხვა ქონების დაზიანება ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 25
  • 121-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში - 30
  • 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა ტაქსით - 20
  • მანქანის მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან ყალბი ნომრებით - 10
  • არარეგისტრირებული მანქანის მართვა - 20
  • შენიღბულნომრიანი მანქანის მართვა - 30
  • ავარიის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან მანქანის გადაადგილება - 15
  • გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა - 20
  • იგივე სამართალდარღვევები, რასაც მოყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 35
  • სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტად, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა - 10
  • სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტად - 20
  • სიჩქარის გადაჭარბება პირის მიერ, რომელიც ახორციელებს მგზავრების გადაყვანას - 25
  • სიჩქარის გადაჭარბება, რასაც მოყვა საავარიო ვითარების შექმნა - 30
  • სიჩქარის გადაჭარბება, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, გზის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 40
  • ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - 10
  • იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში - 15
  • იგივე ქმედებები, რასაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა - 20
  • იგივე ქმედებები, რასაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 30
  • ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას - 5
  • ავტომანქანებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც სრულად კეტავს სავალ ნაწილს - 10
  • გზის სავალ ნაწილზე განლაგების, მოძრაობის დაწყების ანდა მანევრირების წესების დარღვევა - 10
  • საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა - 5
  • ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესებისა და პრიორიტეტული ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა - 15
  • გზის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 10
  • იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში - 20
  • უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა - 30
  • იგივე ქმედებები, რასაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 30
  • 125-ე მუხლის მე-6 – 7.3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, რასაც მოჰყვა საავარიო ვითარების ან საცობის შექმნა - 30
  • 125-მუხლის მე-6, 6.2, მე-7 - მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, გზის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 25
  • მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 10
  • ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა - 20
  • მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო წესების დარღვევა - 25
  • საერთაშორისო გადაზიდვა-გადაყვანის შესახებ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევა - 15
  • სატვირთო ავტომანქანით ტვირთამწეობის წესების დარღვევით მოძრაობა - 15
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]