ცხინვალის რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. საზღვარი 11 იანვარს დაკეტა, რის საფუძვლადაც H1N1 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება დაასახელა. საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, რომლებიც ახალგორში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდნენ, ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდნენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, პუნქტის გახსნა პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
„ის, რომ დღეს გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც 40 დღის განმავლობაში ფაქტობრივად მშობლებთან შეხვედრას ელოდნენ და სასწავლო პროცესში ჩართვას, ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ გადაუდებელი ჯანდაცვა, რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე მიმოსვლა მთლიანად გაიხსნება, რაც „ძალიან ბევრი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.