weather cur horoscope tv
სექტემბერი 23, 2020

წერილზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა არ მიპასუხეს – მაჩალიკაშვილი

13:50 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019 hits 813

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს, გარდა „ქართული ოცნებისა“.

„ათი სამუშაო დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტის ყველა დეპუტატს წერილით მივმართე. საგამოძიებო კომისიის შექმნის და ამ დანაშაულის გამოძიებაში მონაწილეობის მზაობა გამოთქვა „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და ასევე, მამუკა ჩიქოვანმა. დანარჩენები - მმართველი პარტიისან ყველა დუმს. ყველა ხვდება, რომ ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ დამოუკიდებლად და ელოდებიან მითითებას ზემოდან“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მან ქართული ოცნების დეპუტატებს კიდევ მიმართა, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ.

„ისევ და ისევ მინდა მივმართო ამდეპუტატებს, გამოიჩინონ გულისხმიერება, ადამიანობა და დაიწყონ ამ საქმეზე გამოძიება. ეს ამბავი მთელ საქართველოს აინტერესებს. საზღვარგარეთაც არიან დაინტერესებულები ამ დანაშაულით. ამიტომ უნდა შეიქმნას კომისია და უნდა დაიდოს დასკვნა, რა ჩაიდინა სახელმწიფომ“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის 150-ვე წევრს 6 თებერვალს მიმართა და სთხოვა, აცნობონ მას, უჭერენ თუ არა მხარს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

7 თებერვალს, მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში შევიდა პეტიციაც, რომელსაც 2000 ადამიანი აწერს ხელს.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლანს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან წელიწადზე მეტია გასული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]