weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირადი ცხოვრების ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

18:23 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული 19 წლის ანი აროშიძე ღია წერილს ავრცელებს. აროშიძის თქმით, ის კრიმინალი არ არის და მისი დანაშაული მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ინტერნეტში ნაპოვნი ვიდეო სამ მეგობარს პირადი შეტყობინების სახით გაუგზავნა. აროშიძე საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რისთვისაც დახმარებას ითხოვს.

ანი აროშიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მე ანი აროშიძე ვარ, 19 წლის. 31 იანვარს, ღამის ორის ნახევარზე, ჩემს სახლში შემოვარდა კრიმინალური პოლიციის ექვსი თანამშრომელი და საკუთარი ოჯახისა და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს.

მამაჩემი ამ „ოპერაციიდან“ ხუთ დღეში გარდაიცვალა.

მე არ ვაბრალებ მამას სიკვდილს პოლიციელებს, მაგრამ მე ბრალს ვდებ ქართულ სახელმწიფოს იმაში, რომ მამაჩემს საკუთარი შვილის მომავალზე დარდი საფლავში ჩააყოლეს.

მე ახლაც ბრალდებული ვარ და სასამართლოს ველოდები.

მოგიყვებით, რა გადამხდა თავს.

პოლიციელები სახლში რომ შემოგვივარდნენ, სიმსივნის მეოთხე სტადიის დიაგნოზით ლოგინად ჩავარდნილი მამაჩემი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.

ის მოატყუეს, უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით მიბარებდნენ პოლიციაში და მალევე გამომიშვებდნენ სახლში.

ასე აღმოვჩნდი ციხეში.

ლოგინად ჩავარდნილი მამასთვის ნარკოტიკული ინექციის გარეშე ყოფნა წამებას ნიშნავდა, მორფინის გამოტანაზე პასუხისმგებელი პირი კი მე ვიყავი.

ჩემი გატაცება-დაპატიმრების შემდეგ დედას ერთი დღე დასჭირდა, რომ მორფინი ჩემ ნაცვლად გამოეტანა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მამაჩემი წამებისთვის გაიმეტა.

ამიტომაც არ მაქვს უფლება, ეს საქციელი ვინმეს ვაპატიო.

მამაჩემის ნაცვლად ვერ ვაპატიებ.

ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერზე გულწრფელად მოვყვე, მათ შორის, საკუთარ „დანაშაულზე“.

ჩემი დანაშაული ისაა, რომ მე ვნახე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გავუგზავნე ის სამ მეგობარს არა საჯაროდ, არამედ პირად ჩატში, ისევე როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა გააკეთა ეს.

არ მგონია, რომ ეს საქციელი მისაბაძია და ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ეკა ბესელიას ჩემი ბავშვური, უაზრო გართობის გამო, მაგრამ

მე კრიმინალი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ და მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამისთვის, დავამტკიცებ, რომ სახელმწიფო დამნაშავეა ჩემი ოჯახის, მამაჩემისა და ჩემი მეგობრების წინაშე, რომლებიც ამ აბსურდის გამო ახლაც ციხეში სხედან.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პოლიცია სპეცოპერაციას ჩაატარებდა ჩემ დასაპატიმრებლად, თანაც ასეთი აბსურდული ბრალდებით.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა მომენტი, რომელიც ისე რადიკალურად შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას სამყაროზე, ადამიანებზე, თავისუფლებაზე, როგორც ციხეში გატარებულმა ამ რამდენიმე დღემ.

დღემდე არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს.

ციხიდან კვირას გამომიშვეს, 1000 ლარიანი გირაოთი - ეს მაქსიმუმი იყო, რისი სესხებაც დედაჩემმა შეძლო.

სამშაბათს მამა გარდაიცვალა.

მინდოდა ყველაფერზე ხელი ჩამექნია და დავმალულიყავი, მაგრამ ჩემი მეგობრები ციხეში ისევ სხედან, იგივე ბრალდებით, და მე გადავწყვიტე ყველაფერი გავაკეთო მათ დასახმარებლად. გადავწყვიტე, მამაჩემს დავუმტკიცო, რომ მისი შვილი კრიმინალი არ არის. ამიტომ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მე არ ვარ კრიმინალი, რადგან ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, მე არ გადამიღია და საჯაროდ არ გამივრცელებია კადრები, და ვერასდროს წარმომედგინა, რომ დამიჭერდნენ იმ ვიდეოს გამო, რომელიც საჯარო სივრცეში - ინტერნეტში ვიპოვე და სამ მეგობარს ვაჩვენე.

მე არ ვარ კრიმინალი და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, დამეხმაროთ ამის დამტკიცებაში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პირველ თებერვალს, პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით 16 პირი დააკავა. ვლადიმერ ბორცვაძემ, რომელიც მაშინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, განაცხადა, რომ ბრალდებულები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. დანაშაული ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]