weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

12:57 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ორთაჭალაში მდებარე მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა და რუსთავში, მშენებელთა ქუჩის N60-ში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდა. ორთაჭალიდან რუსთავში 248 პატიმარი უკვე გადაიყვანეს.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მე-12 დაწესებულების ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც პატიმრებს რთულ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა.

„შენობა იყო ბარაკული ტიპის, საკნების დიდ ნაწილს არ ჰქონდა საპირფარეშო (რამდენიმე საკანში განთავსებულ მსჯავრდებულს საერთო საპირფარეშოთი სარგებლობა უწევდა), არ არსებობდა სასადილო, რის გამოც პატიმრები საკნებში იკვებებოდნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაცია შენობაში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. სამედიცინო ნაწილი ორ ოთახში იყო განთავსებული, რის გამოც მედპერსონალი მსჯავრდებულებს სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ უწევდა. ასევე მძიმე მდგომარეობაში იყო ბიბლიოთეკა და პაემნების ოთახები“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ახალ შენობას, სადაც მე-12 დაწესებულება განთავსდა, როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ის ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. დაწესებულება არის დახურული და ნახევრადღია ტიპის, ოთხ პირზე გათვლილი საკნებით. შენობაში არის დეესკალაციის 5 საკანი, განმარტოების 4 საკანი, შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული ორი საკანი (ოთხკაციანი), მოწყობილია სასტუმროს ტიპის 10 ნომერი ხანგრძლივი პაემნებისთვის, ხანმოკლე პაემნების სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ  პაემნები მინის ბარიერის გარეშე ჩატარდება.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულების ტერიტორიაზე არის სპორტული და სავარჯიშო მოედანი. ცალკე შენობაშია განთავსებული სამედიცინო ნაწილი, რომელშიც ფუნქციონირებს აფთიაქი, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ოთახი, ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება, ელექტროკარდიოგრაფია, ულტრასონოგრაფია და ფიზიოთერაპიული პროცედურები. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მოეწყობა რენტგენის ოთახი და დამონტაჟდება ცენტრალური სასტერილიზაციო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით.

ახალი პენიტენციური დაწესებულება მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ, 309 პირზე გათვლილ კორპუსში განთავსდა, რომელიც მე-16 დაწესებულებისგან არის გამიჯნული. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, შენობაში დამონტაჟდა 132 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, კეთილმოეწყო დაწესებულების სასადილო, რომელიც თანამედროვე აპარატურით, შესაბამისი ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვა. სასადილოს ერთდროულად 300 ადამიანის მომსახურება შეუძლია.  დაწესებულების მაღაზია სრულად აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და კეთილმოეწყო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია. მოეწყო სამი საგამოძიებო ოთახი, ასევე ყველა ოთახი შესაბამისი საოფისე და სხვა ინვენტარით აღიჭურვა. მსჯავრდებულებისთვის გამოყოფილ საერთო სივრცეებში დამონტაჟდა ტელევიზორები.

„მე-12 დაწესებულების ახალ შენობაში დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე იქნება განთავსებული სპეციალური სივრცეები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებისთვის (რაც დაწესებულების ძველ შენობაში საერთოდ არ არსებობდა), ასევე 100 კვ/მ ფართობის ბიბლიოთეკა. მოწყობილი იქნება სპეციალური სივრცეები სხვადასხვა სახის ინდივიდუალური საქმიანობისთვის. მაგალითად, ხეზე კვეთისთვის“, - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]