დაკავებულს ბრალად მომხმარებლის მოტყუება და ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენება ედება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ააიპ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო საქონლის ხორცის შეტანისას დამკვეთისათვის წარედგინა მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ნაცვლად ამისა,
ბრალდებული დანაშაულებრივი განზრახვით, აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა N2-ებს და გაყალბებული დოკუმენტაციით ახდენდა ბაღებში საქონლის ხორცის შეტანას. გამოძიებით დადგინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაცვლად საქონლის ხორცისა, ნაწილობრივ შეტანილ იქნა ცხენის ხორციც.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამტრედიის ბაგა-ბაღებს 2018 წელს ცხენის ხორციც მიეწოდებოდა, დაახლოებით ორი კვირის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა თეონა ჭალიძემ გაავრცელა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დოკუმენტი წარმოადგინა. სააგენტოს განკარგულების თანახმად, 2017 წელს, სამტრედიის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ ხორცის მიწოდებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „ელენიკომ“ გაიმარჯვა. კომპანიას ბაღებში 68 484 ლარის ღირებულების ქათმისა და საქონლის ხორცი რვა თვის განმავლობაში უნდა შეეტანა. ლაბორატორიულმა კვლევამ „ელენიკოს“ მიერ მიწოდებულ პროდუქციაში ცხენის დნმ 2018 წლის 26 ოქტომბერს აღმოაჩინა. შესყიდვების სააგენტომ 6 დეკემბერს კომპანია შავ სიაში შეიყვანა და 20 545 ლარით დააჯარიმა.