შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოახერხეს, 2019 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობის განახლება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვეულებრივ შეეძლებათ.
მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; არსებული მართვის მოწმობა.
მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, ხოლო დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში - 35 ლარი.
„დღეიდან მომსახურების სააგენტო წყვეტს მუშაობის სპეციალურ რეჟიმს და სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის შეცვლა სტანდარტულ სამუშაო საათებში განხორციელდება. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 41 91 91, ონლაინ ჩატში ან სააგენტოს ფეისბუქ-გვერდზე“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, 2014 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: „A“, „B“, „BE“, T, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობების ვადა 5 წლით განისაზღვრა.