„მივიჩნევ, რომ საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ, ვალდებულები ვართ ეკლესიის შიგნით განვიხილოთ. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზეც. მღვდელმთავრები ყველაფრისთვის ვართ მზად. დეკანოზი ძალიან ჯანსაღ და კარგ პოზიციაზეა, აბსოლუტურად.
მალე იხილავთ, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ ის იქნება შეწყალებული. მოთხოვნა გაკეთდება. პრეზიდენტი, ვფიქრობ, რომ გადადგამს ამ ნაბიჯს. თვითონ მსჯავრდებული იტყვის ყველაფერს და მე არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. მიმაჩნია, რომ დეკანოზი უნდანაშაულოა“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ „უიმედობა არ არის და გამოჯანმრთელდება“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ ის პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. როგორც მაშინ შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განმარტა, კომისიამ ამ საკითხზე იმსჯელა, მაგრამ კონსენსუსი ვერ შედგა და შესაბამისად, პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა, გიორგი მარგველაშვილმა კი კომისიის პოზიცია გაიზიარა.
ამასთან, 2019 წლის 19 თებერვალს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, ეკლსია მზად იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.