"უღელტეხილზე ვინც ავა, ყველას ექნება საშუალება ინტერნეტი მიიღოს. Wi-Fi წელს უფასო იქნება. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ორი დამატებითი ანძის ინსტალაცია მოხდება, რათა ომალოსა და მიმდებარე სოფლებშიც იყოს ინტერნეტის მიღების საშუალება. პირველ ეტაპზე ინტერნეტი ყველას ეყოფა. თუ საჭირო იქნება ახალ თეფშს დავაყენებთ, რომ სიმძლავრე გავაორმაგოთ", - უთხრა "რეგინფოს" "საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის" დირექტორმა უჩა სეთურმა.
მისივე თქმით, ინტერნეტსიგნალი თელავის რაიონის სოფელ რუისპირიდან აბანოს უღელტეხილზე დამონტაჟებულ მიმღებს უკვე ერთი კვირაა გადაეცემა.
თუშეთის სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტს "თუშეთის განვითარების ფონდი", კომპანია "ფრინეტი" და "საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია" ახორციელებენ.
თუშეთში 52 სოფელია, თუმცა უმეტესობა დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს. რთული გეოგრაფიული პირობების და მოსახლეობის სიმცირის გამო, ამ ეტაპისთვის ოპტიკური ქსელის მშენებლობა დაგეგმილი არ არის.