პროკურატურის ცნობით, მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით 2018 წლის 26 დეკემბერს გამოიკითხა.
„გამოკითხვისას ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა. მან ასევე, აღნიშნა, რომ 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, რაც ავტომატურად შეაჩერებდა ანაკლიის პორტის დაფინანსებას.
ამონარიდი მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან: „ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით.
მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით.“
მამუკა ხაზარაძეს არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „თიბისი ბანკს“ საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციას დაუნგრევდნენ. მოგვიანებით, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხის დროს, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ პროკურატურა ინფორმირებული იყო, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.
თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ხაზარაძის ბრალდებას უარყოფს.