weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„წერილის შინაარსს დამოუკიდებელი არხის გაკონტროლების სურვილად აღვიქვამთ“

16:28 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ წერილს ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი ეხმაურება. წერილი, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მტკიცებით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო, გენერალურმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა. წერილში ნათქვამია, რომ „ტელეკომპანია „პირველი“ ტელეკომპანია „იმედის“ ტრენდზე უნდა დაჯდეს“.

წერეთელის განცხადებით, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი „პირველის“ მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი.

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით...

„ტვ პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ „ტვ პირველი“ მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები.

არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და „ტრენდს“, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია.

არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით“, – წერს ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელში.

მის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს კინო უკვე ნანახი აქვს“ და მისმა ტელეკომპანიამ „პირველი სერია გადაიტანა“.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, მათ გამოაქვეყნეს წერილი, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, 5 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას წარადგინა.

წერილში მამუკა ხაზარაძეს სამი მოთხოვნის შესრულებას სთხოვენ. მათგან პირველი ტელეკომპანია „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას უკავშირდება.

4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „თიბისი ბანკს“, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე, რეპუტაციას დაუნგრევდნენ. მოგვიანებით, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხის დროს, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, მოთხოვნები, რაზეც წერილში იყო საუბარი, არ შეუსრულებიათ.

პარლამენტის კომიტეტში გამოსვლიდან მეორე დღეს, 5 მარტს მამუკა ხაზარაძე წერილთან დაკავშირებით დაკითხეს. დღეს კი პროკურატურაში განაცხადეს, რომ ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილს არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.

„მამუკა ხაზარაძემ სიტყვიერად განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

მათივე ცნობით, გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ სასამართლოში დაკითხვისას ხაზარაძემ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]