weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

16 წლის ბიჭი ამბობს, რომ ბოლნისის პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

12:10 შაბათი, 09 მარტი 2019
ფოტო © შსს / ბოლნისის პოლიციის ახალი შენობის გახსნა ფოტო © შსს / ბოლნისის პოლიციის ახალი შენობის გახსნა

ბოლნისში მცხოვრები 16 წლის ბიჭი, რომელიც სამართალდამცავებმა ქურდობაში ამხილეს, პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს და რამდენიმე თანამშრომელს არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს. „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში არასრულწლოვანი ამბობს, რომ ჩვენების მისაღებად პოლიციელებმა ხელი მოტეხეს და ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 16 წლის ბიჭი ქურდობის ფაქტზე 13 თებერვალს ამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღეს.

არასრულწლოვანის თქმით, დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა, მოპარული ნივთები პოლიციას გადასცა, თუმცა სამართალდამცველებმა მასზე ზეწოლა განახორციელეს. მოზარდი ამბობს, რომ ქურდობის თანამონაწილის დასახელებას ცემით აიძულებდნენ. არასრულწლოვანი ძალადობაში პოლიციის უფროსს და განყოფილების კიდევ ოთხ თანამშრომელს ადანაშაულებს.

„თუ არ აღიარებ და არ იტყვი, ვინ იყო მეორეო, ბოთლზე დაგსვამო. წიხლი ჩამარტყეს და ხელი მომტყდა. მოტეხილ ხელში კიდევ მირტყეს. მეუბნებოდნენ, ვიდეოებს გადაგიღებთ, როგორ დაგსვამთ ბოთლზე და შენს ძმაკაცებს ვანახებთო. მირტყამდნენ ქამარს, გასაღებს, ბოთლს. ბოთლი მოიტანეს, მაგრამ არ ავდექი, დავეჭიდე სკამს. მერე ამაზე შემეშვნენ და ისევ ქამრით მცემეს. ხელი მომტყდა და თვითონ წამიყვანეს საავადმყოფოში“, – ამბობს მოზარდი.

მისივე თქმით, სხეულის დაზიანებების და ძლიერი ტკივილის შემდეგ, ბოლნისიდან თბილისში, ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ბავშვზე განხორციელებული შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით მშობლებს არავისთვის მიუმართავთ. როგორც მოზარდი ამბობს, პოლიციელები ინციდენტის გახმაურების შემთხვევაში მამამისს მეორე შვილის დაკავებით ემუქრებოდნენ. „კურიერთან“ დედა ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც მომხდარი ჟურნალისტებმა გააშუქეს, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო და შუამავლები მიუგზავნეს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს ოჯახში ყოფილი პოლიციელი დახვდა, რომელიც ჩაკეტილ კარს მიღმა მშობლებს არწმუნებდა, რომ პოლიციელების ძალადობის შესახებ ხმა არ ამოეღოთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გენერალური ინსპექცია სწავლობს სამართალდამცავთა მხრიდან მოზარდზე შესაძლო ძალადობის ფაქტს. სამსახურებრივი უფლებამოსილება მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]