როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები ბანკში შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა, სროლისას არავინ დაშავებულა.
ჭელიძის თქმით, ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ორ მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს.
„პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.
დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.