თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, 9 მარტს, მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ, წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, მათი კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით.
ბაზერაშვილის ინფორმაციით, ამჟამად სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე ყველა სავარაუდო ბრალდებულის გამოვლენის, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მიზნით.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე (გამოძალვა) და 386-ე (ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა) მუხლებით. აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების დასრულებამდე, აღნიშნული ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს შეუჩერდება უფლებამოსილება“, – აღნიშნა ირაკლი ბაზერაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ ქიაზიმ გახრამანოვმა განაცხადა, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრში, მეთაურების თანდასწრებით, სამხედროები ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს.
„ღამის 2 საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს. ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს“, – ამბობს წვევამდელი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
ქიაზიმ გახრამანოვს და მისი ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ სასწავლო ცენტრში ადგილი აქვს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, რადგან „ასე სასტიკად ძირითადად ეთნიკურ აზერბაიჯანელებს უსწორდებიან“.