„კვარაცხელია რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ეს მოხდა 12 მარტს, 16 საათზე და 55 წუთზე. კვარაცხელია სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს. ის დატოვეს ოთახში, რათა მას განმარტებითი ბარათი დაეწერა. თუმცა, რამდენიმე ხანში იგი ამ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს ყველაფერი ერთი საათის განმავლობაში მოხდა“, – ამბობს დაურ კოვე.
გუშინ, 12 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ცხელი ხაზით მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე სადამკვირვებლო მისიას დე ფაქტო ხელისუფლებამ შეატყობინა. ირაკლი კვარაცხელია მათ მიერ იყო დაკავებული.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ევროკაშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, დღეს სოხუმში გაემგზავრნენ, სადაც კვარაცხელიას საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.
„საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და უკვე გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.