weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

11:24 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019
ფოტო: ლაივპრესი ფოტო: ლაივპრესი

ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის სენაკში, ოჯახში გადაასვენეს. როგორც ექსპერტმა ირაკლი თოიძემ განაცხადა, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება.

„არის თოკის ჩანართები. მეტი დაზიანებები ფაქტობრივად, არ არის. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცეები. დაზიანებები რაც იყო, არის ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები. ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამაზე ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება“, – განაცხადა ექსპერტმა გვიან ღამით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ.

12 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ცხელი ხაზით მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქემ, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე სადამკვირვებლო მისიას დე ფაქტო ხელისუფლებამ შეატყობინა. ირაკლი კვარაცხელია მათ მიერ იყო დაკავებული.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 12 მარტს დააკავეს და სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს. დაურ კოვეს მტკიცებით, კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა.

„ის დატოვეს ოთახში, რათა მას განმარტებითი ბარათი დაეწერა. თუმცა, რამდენიმე ხანში იგი ამ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს ყველაფერი ერთი საათის განმავლობაში მოხდა“, – ამბობს დაურ კოვე.

ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ, 13 მარტს გადმოასვენეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე ყველა კითხვას პასუხი ექსპერტიზის შემდეგ გაეცემა.

„გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით მე ვერაფერს ვერც დავაზუსტებ და ვერც ვუარვყოფ. ჩვენ არ გვაქვს რომელიმე თვითმხილველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც სარწმუნო წყარო იქნებოდა იმისთვის, რომ გვემტკიცებინა - ადგილი ჰქონდა სხვა ტიპის ძალადობას.

ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს.

დღეს მოწოდებული ინფორმაციით და არაერთ წყაროში, მათ შორის აფხაზურ მედიაში და რუსულ წყაროებშიც გავრცელებული ცნობებით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია იმისთვის, რომ დარწმუნებით ვისაუბროთ რომელიმე ვერსიაზე. ფაქტი შემზარავია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ცხედრის გადმოცემა მოხერხდა ოპერატიულად, იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა და ცხადია, ექსპერტიზა ბევრ კითხვაზე ამ თვალსაზრისით პასუხს გასცემს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]