weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება

22:59 პარასკევი, 15 მარტი 2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები, სულ 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა ინტერნეტით დაიფარება. ამასთან, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ და ააიპ „მთის სათემო ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯემალ დამაცალაშვილმა მოაწერეს. ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.

ლაშა მიქავას განცხადებით, პროექტის ამოქმედებით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ისარგებლოს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ასევე საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი მრავალი ელექტრონული მომსახურებებით. მისი თქმით, ეს ყველაფერი დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე. ამასთან, შესაძლებელი გახდება IP ტელეფონით სარგებლობა, რაც, მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის.

„ეს პროექტი არის სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებს შორის კლასიკური თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ ამ მეტად მნიშვნელოვანი რეგიონის ინტერნეტიზაციას“- აღნიშნა ლაშა მიქავამ.

„ფშავ-ხევსურეთი და გუდამაყარი - ეს არის ხეობები, რომელთაც აქვს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი, იქ არის სასაზღვრო სოფლები, რომლებსაც ისტორიულად ყოველთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდათ და იმის ხელშეწყობა, რომ ამ სოფლებში მოსახლეობას გაუჩნდეს დაბრუნების სურვილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორციელებლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, ინტერნეტ საზოგადოებასთან (ISOC) აწარმოა მოლაპარაკებები და 25 000 აშშ დოლარის ოდენობით ტექნიკური და ფინანსური დახმარება მიიღო. ასევე პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხები დაიფარება სხვადასხვა დონორის საშუალებით.

„მთის სათემო ქსელის“ პროექტის რეალიზაციასა და მართვაში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია დაეხმარება, რომელმაც მსგავსი პროექტი უკვე განახორციელა თუშეთში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]