weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ელიავას ბაზრობაზე“ ხანძრის შედეგად 2500 კვმ–მდე ფართობი დაიწვა

11:30 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა. ხანძარი 2 ივლისს, საღამოს, სამსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც ავტონაწილები იყიდებოდა. მოვაჭრეების თქმით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ, რასაც შსს არ ადასტურებს.

„თავიდან ხანძრის მხოლოდ ერთი კერა იყო. სამი სახანძრო მანქანა იყო გარეთ, ორი გზაშიაო, როგორც თავად ამბობდნენ. ხუთმა სახანძრო მანქანამ ვერ ჩააქრო ერთი პატარა კერა. წყალს არ ასხამდნენ. არვიცი წყალი გაუთავდათ თუ რა იყო მიზეზი. ათი კაცი ვეუბნებოდით აქედან, რომ წყალი მიესხათ. წყალს ნაპორი არ ჰქონდა, ქაფი არ ჰქონდათ. მოვაჭრეებმა შიგნით შესვლა სცადეს, მაგრამ არავინ შეგვიშვა“.

„მე როცა მოვედი, ოთხი სახანძრო მანქანა მუშაობდა, წყალი არ ჰქონდათ, რომ ხანძარი ჩაექროთ. ძლივს დავაკავე მოვაჭრეები, მეხანძრეები არ ეცემათ იმის გამო, რომ წყალი არ იყო მანქანებში“, - ამბობენ დაზარალებულები.

„სახანძრო-სამაშველო სამსახური დროზე მოვიდა. ნახევარი საათის შემდეგ ცეცხლი თითქმის ჩაქრა, მაგრამ პროდუქტი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, არის რეზინები, პლასტმასები და ზეთები, რამაც ხელახლა გამოიწვია ცეცხლის გაღვივება. ცეცხლს წყალი რომ არ ესხმებოდა, არის ტყუილი. ადამიანმა, რომელმაც რაღაცეები დაკარგა, შესაძლოა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ რაღაც ისე არ კეთდება. პირიქით, პირველივე სახანძროს მოვყევით და სრული მობილიზაცია იყო“, - აღნიშნა დიდუბის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აგლაძის ქუჩაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შსს–ს ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ. 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. „მიუხედავად ხანძრის მასშტაბებისა, მეხანძრეების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო–სამაშველო ჯგუფები, პრევენციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ შემთხვევის ადგილზე პატრულირებას“, – განაცხადეს შსს–ში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი კუბლაშვილის თქმით, ხანძარი შესაძლოა ხელოვნურად გააჩინეს.

„როგორც მოვაჭრეები ამბობენ, აქ არსებობს ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი. მოვაჭრეებთან და დირექტორთა საბჭოსთან გარკვეული პერიოდის წინ იყვნენ მოსული მერიიდან და წარუდგინეს პროექტი, რომლის მიხედვითაც აქ უნდა გაკეთებულიყო სავაჭრო ცენტრი და რეკრეაციული ზონა. დირექტორთა საბჭომ ამ ტერიტორიის დაცლაზე უარი თქვა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩნდება ხანძარი. თვითმხილველები ამბობენ, რომ სახანძრო მოვიდა 45 წუთის დაგვიანებით. თვითონ სახანძრომ წყლის ჭავლის მიშვება დააგვიანა და მეხანძრეები საუბრობდნენ, რომ წყალი არ ჰქონდათ“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ე.წ. ელიავას ბაზრობა უკვე მეორე დიდი სავაჭრო ობიექტია, რომელსაც წელს ცეცხლი გაუჩნდა. 2017 წლის 29 იანვარს თბილისში ბავშვთა სამყაროს შენობა მთლიანად დაიწვა. საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]