სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2017 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ სამარხის გახსნა და ნეშტების ექსგუმაცია განხორციელდა. ნეშტებს ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში ჩაუტარდა, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა.
„ამჟამად ნეშტები გადასვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ მოხდება მათი ოჯახებისთვის გადაცემა“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტის, ასევე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხთან დაკავშირებით, ICRC-ის ეგიდით ფუნქციონირებს სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს.