„ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სამთავრობო უწყებებმა პროექტის განხილვა სასამართლოში ამ საკითხზე დავის მიმდინარეობის პარალელურად გადაწყვიტეს. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეძახილებით „წადით!“ დახვდნენ.
„ჩვენ სასამართლოში გვაქვს საქმე. რატომ მოდიხართ? უკანონოა თქვენი მოსვლა, ვიდრე სასამართლო არ დამთავრდება, იმიტომ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა არის სკოპინგის გაგრძელება. სკოპინგი კი გაყალბებულია და გასაჩივრებულია.
ხომ უნდა მივიღოთ პასუხი. თქვენ სამინისტროს გავუსაჩივრეთ და რატომ აგრძელებთ ამაზე მუშაობას? მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ხელედში მოსახლეობამ საერთოდ არ შეუშვა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სკოპინგი ჩატარებულად ჩათვალეთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
აქციის მონაწილეებს პრეტენზიები აქვთ სოზარ სუბართან. მათი თქმით, სუბართან რამდენიმე კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდებოდა.
„თქვენი პირით ხომ გვითხარით, რომ აქამდე ყველაფერი უკანონოდ იყო გაკეთებული? გვითხარით, კვლევებს ჩავატარებთო. შევთანხმდით, რომ კვლევისთვის ჩამოხვიდოდით. დღეს მოდიხართ და გვეუბნებით - განხილვა ჩავატაროთ და ნებართვა მივცეთო. სირცხვილი არ არის ამ ხალხთან? უკვე ორი წელიწადი მიდის. არაფერი თქვენ არ გაგიკეთებიათ, რომ მოსახლეობის ყურამდე მიგეტანათ. ჩვენი მოთხოვნაა, არ აშენდეს ჰესი. სხვა მოთხოვნა არ გვქონია“, – მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სუბარს.
სოზარ სუბარის თქმით, არსებულ პროექტში არის ხარვეზები, რომელთა გამოსწორება, მისი აზრით, შესაძლებელია.
„მაგრამ თუ არ არის შესაძლებელი, ესეც უნდა მოვისმინოთ. ამას შეიძლება დასჭირდეს დამატებითი კვლევები. ამას სჭირდება დამატებითი მოსმენა და განხილვა. ამიტომაც ვართ მოსულები“, – განაცხადა სუბარმა და შეკრებილებს უთხრა, რომ მათთვის, ვისაც ეს საკითხი აინტერესებდა, შეხვედრას სხვა შენობაში ჩაატარებდა.
„თქვენ იმას გვიკეთებთ, რომ ერთმანეთს დაგვაპირისპიროთ. როგორ შევთანხმდით, ბატონო სოზარ?
15 კაცი ვიყავით თქვენთან შეხვედრაზე და ვთქვით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ახლაც გეუბნებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ჰესი არ გაკეთდეს. ეს მთავრობაც წავა, სხვა მთავრობაც წავიდა და კიდევ წავლენ ბევრი, მაგრამ ეს ჰესი არ გაკეთდება“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობა მდინარეების ხელედულას და დევაშის ხეობებშია დაგეგმილი. ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს იმ ტერიტორიაზე, სადაც გეოლოგების დასკვნით მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება. ჰესის მშენებლობისთვის 18-20 ჰექტარზე ტყეც გაიჩეხება. სოფლებში - ხელედში, წანაშსა და ლესემაში საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს დატბორვა ემუქრება.
„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობით შპს „ხელედულა ენერჯია“ დაინტერესებული, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს არის რეგისტრირებული. 100 %-ის მესაკუთრეა თურქული კომპანია „ანადოლუ კავკასია ენერჟი იათურიმლარი“.
მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. 2018 წლის სექტემბერში მათ, შიმშილობისა და საპროტესტო აქციების შედეგად, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს ლენტეხიდან წასვლა აიძულეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ლენტეხში მცხოვრებთა სახელით სასამართლოს მიმართა. სარჩელით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც სკოპინგის ანგარიში დამტკიცდა. საიას და „მწვანე ალტერნატივას“ მიაჩნიათ, რომ „ხელედულა 3 ჰესის“ გზშ ანგარიში უხეშად არღვევს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნებს.
ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ: რატომ აპროტესტებს ლენტეხის მოსახლეობა „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობას