weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

14:44 ორშაბათი, 25 მარტი 2019

სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით დღეიდან, 25 მარტიდან გაიფიცნენ. მათი ნაწილი თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან არის შეკრებილი, სადაც 19:00 საათზე გაფიცულების მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.

სოციალური მუშაკები აქციებს მართავენ ბათუმში, ქუთაისსა და თელავშიც. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.

გაფიცვას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია, რომელმაც თქვა, რომ სოციალურ მუშაკებს გაფიცვის უფლება აქვთ და ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.

„დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სოციალურმა მუშაკებმა „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“ კოლექტიური შრომითი დავა 8 თებერვალს დაიწყეს და საკუთარი მოთხოვნები წარადგინეს. ამ პერიოდის განმავლობაში, სააგენტოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა თითქმის ორთვიანი პროცესი უშედეგოდ დასრულდა. 21 მარტს საინიციატივო ჯგუფმა „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ გაფიცვა დააანონსა.

სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, სოციალური მუშაკი, როგორც მოწყვლად ჯგუფებთან მომუშავე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიონალი, ხშირად ვერ აკმაყოფილებს მომსახურების მიმღებთა საჭიროებებს შესაბამისი მომსახურებების, სამუშაო ინსტუმენტების, მოდელებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის გამო. მათი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალურ მუშაკები 26 მიმართულებით მუშაობენ, რომელთა ხარისხიანად შესრულებაც მათ ძალებს აღემატება.

„ნაცვლად იმისა, რომ სოციალური მუშაკები ბენეფიციართა მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურებოდნენ, ისინი დატვირთულები არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს არ შეესაბამება (კერძოდ, დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენა; ექსპერტიზის ბიუროში ხელმოსაწერად სიარული; ადრეული განვითარების, დღის ცენტრისა და კვებისა ვაუჩერების გაცემა და ა.შ.). ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ სოციალური მუშაკებისთვის დაკისრებული სამუშაო არის ძალიან დიდი მოცულობის და სცდება პროფესიის მანდატს, რაც, თავისთავად, ნეგატიურად აისახება სოციალური მუშაობის განხორციელებასა და ბენეფიციარების კეთილდღეობაზე და არღვევს ბენეფიციართა ისეთ ფუნდამეტურ უფლებებს, როგორებიცაა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და განვითარება“, – აცხადებს სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფი.

პრობლემურია სოციალურ მუშაკთა ანაზღაურების საკითხიც. თბილისში დასაქმებული სოციალური მუშაკის ხელფასი 680 ლარია, ხოლო ტერიტორიულ ერთეულებში 640 ლარს შეადგენს. სოციალურ მუშაკებს ანაზღაურების დიდი ნაწილის ხარჯვა სამსახურეობრივი მიზნებისთვის - ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად უწევთ, რამდენადაც სააგენტო არ უზრუნველყოფს მათი გადაადგილების ხარჯების დაფარვას.

სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებენ არასამთავორობო ორგანიზაციები: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW), სოლიდარობის ქსელი - დამოუკიდებელი პროფკავშირი და „ღია საზოგადოების ფონდი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]