დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება.
„ევროპული საქართველოს“ განმარტებით, თავის დროზე ზღვარი 200 დოლარამდე ღირებულების პროდუქციის შემოტანაზე დაწესდა, დღეს კი 200 დოლარის ექვივალენტი უკვე 500 ლარს აჭარბებს.
„ჩვენ მოვითხოვეთ, როგორც მინიმუმ, დოლარის კურსის გათვალისწინებით, ამ ზღვრის 500 ლარამდე აწევა იმისთვის, რომ ათი ათასობით ადამიანს ოჯახისთვის, პირადი მოხმარებისთვის სჭირდება ბევრი ისეთი საგნის გამოწერა, რომელიც საქართველოში საერთოდ არ იწარმოება და არც შემოდის. მათ რატომღაც უნდა გადაიხადონ ზედმეტი გადასახადი. ამ გადასახადისგან გათავისუფლება ბევრი მოქალაქისთვის შეღავათი იქნება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ევროპულმა საქართველომ“ ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს გასულ წელსაც წარუდგინა, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს.
განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტი 2009 წლის 10 აგვისტოს დადგინდა. მანამდე, 2007-2009 წლებში, საფოსტო გზავნილების განბაჟების 1500-ლარიანი ლიმიტი მოქმედებდა.