ოჯახებს ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცათ. პროცესს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა. ციხელაშვილის თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოსაძიებლად და იდენტიფიცირებისათვის მუშაობა უკვე მეცხრე წელია მიმდინარეობს.
„ოჯახებისათვის იმის ცოდნა, თუ სად არიან დასაფლავებული მათი ახლობლები და შესაძლებლობა რომ ღირსეულად გამოხატონ ტკივილი, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს ახლობლების დაკარგვას ახლავს თან, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ მუშაობა გაგრძელდება და ყველას, ვინც წლების განმავლობაში, დღემდე ეძებს დაკარგულ ახლობელს, მთავარ კითხვაზე - სად არიან და რა ბედი ეწიათ მათ, პასუხი ექნება. ტრაგიკული დასასრულის შემთხვევაში კი მიეცემა შესაძლებლობა, რომ ახლობლის საფლავი ჰქონდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტის, ასევე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხთან დაკავშირებით სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზი ფუნქციონირებს. მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით მუშაობს და მასში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს.