weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში „დაეშის“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა შემცირდა – სუს

10:26 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს („დაეში“) შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა შემცირდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ახალგაზრდები „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიით აღარ ინტერესდებიან, ხოლო მათ, ვინც მხარს უჭერს ამ ტერორისტული ორგანიზაციის იდეებს, არ ჰყავთ ე.წ. ლიდერი.

სუს-ის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ.

„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. 2018 წელს სამსახური აქტიურად ახდენდა საერთაშორისო ტერორიზმის ახალი გამოწვევების გამოვლენას და ინტენსიურად მუშაობდა მათთან გამკლავების გზების გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად გამოწვევას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ („დაეში“) და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ.

საანგარიშო პერიოდში „დაეში“ მოქმედებას აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით. აღნიშნულის ფარგლებში „დაეშისთვის“ პრიორიტეტული აღარ იყო მხარდამჭერების სირიასა და ერაყში მობილიზება. ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება. „დაეში“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ რადიკალიზებულ პირებს ნებისმიერი საშუალებით ტერორისტული თავდასხმების განხორციელებისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ინტერნეტსივრცისა და სოციალური ქსელების გამოყენებით, კვლავ აქტიურად ავრცელებდა საკუთარ იდეოლოგიას, ახდენდა პირების რადიკალიზაციასა და გადაბირებას.

2018 წელს „ალ-ქაიდა“ და „თალიბანი“ კვლავ წარმოადგენდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტერორისტულ გამოწვევას. „ალ-ქაიდა“ აქტივობებს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე მოქმედი რეგიონული დაჯგუფებების მეშვეობით ახორციელებდა. „თალიბანი“ განაგრძობდა ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და ქვეყანაში საერთაშორისო მისიით მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ატარებდა ღონისძიებებს საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენის მიმართულებით. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ „დაეშის“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა. ტერორისტული ორგანიზაციის იდეების ადგილობრივ მხარდამჭერებს არ აქვთ ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედების შესაძლებლობა და არ ჰყავთ ე.წ. ლიდერი.

წარსულში „დაეშის“ იდეების მიმართ მოწყვლადი ახალგაზრდები ამჟამად აღარ ინტერესდებიან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიით.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრების თავისუფალი გადაადგილებისა და ფულადი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობის შეზღუდვის შედეგად „დაეშის“ იდეოლოგიის ადგილობრივი მხარდამჭერები მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეებს განიცდიან.

აღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ. აღნიშნული პირების გამოვლენის, მათი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

ამასთან, როგორც სუს-ი აღნიშნავს, საყურადღებოა, რომ დღეისთვის საქართველოში არსებობს ექსტრემისტული შეხედულებების მქონე პირთა ჯგუფები, რომელთა მიზანს, ამ ეტაპზე, სახელმწიფოსთან დაპირისპირება არ წარმოადგენს.

„გამორიცხული არ არის, რომ მომავალში მათ საკუთარი კავშირები და ფინანსური შესაძლებლობები სხვადასხვა ექსტრემისტული ან/და ტერორისტული ჯგუფისა თუ ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოიყენონ. აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.

საანგარიშო პერიოდში დადგინდა რამდენიმე პირი, რომლებიც ინტერნეტსივრცის, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაციების იდეებს ავრცელებდნენ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ი განმარტავს, რომ 2018 წელს აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სირიასა და ერაყში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

„გასულ წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-ზე მეტი იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში.

აღნიშნული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების საფრთხესთან დაკავშირებით სამსახური განაგრძობს მუშაობას და განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. აღნიშნულის მიუხედავად, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს.

ტერორიზმთან დაკავშირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება, ასევე ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის კვეთის მუდმივი მონიტორინგი. მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მოსახვედრად იქნეს გამოყენებული. ამ მიმართულებით საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილების თვალსაზრისით უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების განსაკუთრებული აქტივობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული/ექსტრემისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობას. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს გამოვლენილია რამდენიმე პირი. მათ მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სტრატეგიის სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

„2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ეფექტური საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნული დადებითად არის ასახული გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]