weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართული ხორბლის უნიკალურ ჯიშებს იუნესკო დაიცავს – სამინისტრო

15:57 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

სახელმწიფომ ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა. იუნესკოში წარსადგენ განაცხადს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერეს.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ უნიკალური ხორბლის კულტურის დაცვასთან ერთად, მის განვითარებაზე ზრუნვაც მოხდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა – უნიკალური ხორბლის ჯიშები იუნესკოს დაცვის ქვეშ მოხვდება. ვფიქრობ, მსოფლიო მეცნიერებისთვის ის ძალიან საინტერესო მასალაა. აუცილებლად გააქტიურდება მუშაობა, როგორც ჩვენი სამინისტროების, ასევე, სფეროს ექსპერტების მხრიდან იმისთვის, რომ ამ უნიკალური ჯიშების დაცვასთან ერთად ხელი შევუწყოთ მათ განვითარებასაც“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ქართული ხორბლის კულტურა უკვე ეროვნული კატეგორიის ძეგლია და მალე ის საერთაშორისო კატეგორიის ნაწილიც გახდება.

„საქართველოს შეუძლია თანამედროვე სამყაროში გასაკუთრებული სიტყვა თქვას იმ გენეტიკური რესურსით, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია და შესწავლილია ვლადიმერ მენაბდის, ნიკო კეცხოველის, პეტრე ნასყიდაშვილის და სხვა დიდი მეცნიერების მიერ. ვფიქრობთ, რომ ის შრომა, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ გაწიეს, არ უნდა დაკარგოს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ქართული ხორბლის, როგორც გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტის, საერთაშორისო აღიარება მის გადასარჩენად ქვეყნის შიგნით სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციების, დარგობრივი ექსპერტების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მეხორბლე ფერმერების, მეხორბლე ოჯახების ჰარმონიზებულ საქმიანობას უზრუნველყოფს.

სამინისტროს განცხადებით, „ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ საუკუნეების განმავლობაში ქართული იდენტობის ერთ-ერთი მაფორმირებელი და განმსაზღვრელი ფაქტორი იყო.

„იგი გვევლინება თავისებურ ცოცხალ მუზეუმად, სადაც ხორბლის გვარის მთელი სახეობრივი მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი. ქართული ხორბლის რვაათასწლიან ისტორიას არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მარცვლებიც ადასტურებს. საქართველო ის ადგილია, სადაც მოხდა ველური ხორბლის მოშინაურება.

საქართველოში დაფიქსირებულია ხორბლის 14 სახეობა და 188 სახესხვაობა, რაც ასეთი მცირე ფართობის მქონე ქვეყნისთვის უჩვეულო რაოდენობაა.

მე-20 საუკუნის ბოლოსთვის მკვეთრად შესუსტდა ზრუნვა ქართული სახეობებისა და ენდემური ჯიშების გამრავლება-გამოყენებისათვის, რის გამოც, გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ელემენტის ხელშეწყობა და იმ წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გაცოცხლება, რომელიც ქართული ხორბლის სახეობებსა და ჯიშების მოხმარება-მოვლას ახლდა თან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ქართული ხორბლის კულტურას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში იქნა შეტანილი. 2019 წლის 25 მარტს „ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

იუნესკოს 2003 წლის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციას საქართველო 2007 წლიდან შეუერთდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში კონვენციის ქვეშ არსებული მსოფლიო წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს ოთხი ელემენტია აღიარებული: „ქართული მრავალხმიანობა“ (2001, 2008), „ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი“ (2013), „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ (2016) და „ქართული ჭიდაობა“ (2018).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]