weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ინდოეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, ელჩს ღია წერილით მიმართავს

12:46 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

ინდოეთის მოქალაქე ხუშბუ კაუშალი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას გეგმავდა, აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, უხეშად მოექცნენ. საქართველოში ჩამოსვლიდან 9 საათის შემდეგ ის უკან, ინდოეთში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქალმა ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს ღია წერილი გაუგზავნა, რომელსაც „ინდია ლაივ თუდეი“ აქვეყნებს.

ხუშბუ კაუშალი წერს, რომ ის საქართველოში მუმბაიდან 29 ივნისს გამოემგზავრა და თბილისში იმავე დღეს, 17:00 საათზე ჩამოფრინდა. ინდოეთის მოქალაქის მტკიცებით, მას თან ჰქონდა ელექტრონული ვიზა, წერილი დამსაქმებლისგან, რომელიც ადასტურებდა, რომ შვებულებაში იყო და ვადის გასვლის შემდეგ უკან დაბრუნდებოდა, საბანკო ამონაწერი, რაც მის ფინანსურ სტაბილურობაზე მეტყველებდა, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა.

„საღად მოაზროვნე ადამიანი იფიქრებდა, რომ ამ საბუთებით თქვენს ქვეყანაში ადვილად შევიდოდი, თუმცა ჩემდა გასაკვირად, პასპორტის შემოწმების დროს მთხოვეს უნიშნო ფანჯარასთან გადავსულიყვი, რომ ოფიცრებს ჩემი დოკუმენტები შეემოწმებინათ. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, ერთ-ერთმა მოხელემ გამომკითხა ჩემი ვიზიტის მიზანი, გადახედა ყველა საბუთს და გაიხუმრა კიდეც. რამდენადაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ველოდი, რომ სწრაფად გამიშვებდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა. თქვენმა მოხელეებმა მოცდა მთხოვეს, რაც აღმოჩნდა, რომ ნიშნავდა ორსაათიან ლოდინს ფოლადის ცივ სკამზე საიმიგრაციოში. თბილისში ჩამოსვლიდან სამი საათის შემდეგ არანაირი ინფორმაცია ან დახმარება არ მიმიღია. ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი სტატუსი მეკითხა და მაშინ მითხრეს, რომ უკან მაგზავნიდნენ. როდესაც მიზეზი ვიკითხე, დამიყვირეს და მითხრეს, კუთხეში დავმჯდარიყავი. არ ვიცოდი რა დავაშავე, სად შევცდი, რამდენ ხანს ვიქნებოდი საიმიგრაციოში დაკავებული და როდის გამგზავნიდნენ სახლში. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მარტო ვიყავი.

ყველაფერთან ერთად, იმ ექვსი საათის განმავლობაში, რაც ამ მძიმე განსაცდელში ვიყავი, წყალიც კი არ შემოუთავაზებიათ მას შემდეგაც კი, რაც ამის შესახებ ოფიცერს მუდმივად ვთხოვდი. ეს თხოვნა კი არა ვედრება იყო. გამოშრალი და მშიერი ვიყავი. 12 საათის განმავლობაში უწყლოობის, საკვებისა და დასვენების არქონის გამო თავის და სხეულის სშინელი ტკივილი მაწუხებდა.

საბოლოოდ, ღამის 12 საათზე, თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლიდან 7 საათის შემდეგ, საკვებისა და წყლის ყიდვის ნება დამრთეს და მთხოვეს ვყოფილიყავი ოთახში, რათა სხვა მგზავრებს არ დაენახათ თუ როგორ ეპყრობა ხალხს სინამდვილეში თქვენი საიმიგრაციო სამსახური. ორსაათნახევრის შემდეგ ერთ-ერთი მოხელე შემოვიდა და დაიწყო ყვირილი, რომ უნდა წავსულიყავი, რადგან რეისი, რომლითაც უკან მაბრუნებდნენ, გასაფრენად მზად იყო. როდესაც პასპორტი მოვითხოვე, მითხრეს რომ მანამდე არ მომცემდნენ, სანამ მუმბაიში არ ჩავიდოდი. 9 საათი, რომელიც თქვენ ქვეყანაში გავატარე, იყო ყველაზე შემზარავი და ცუდი მათ შორის, რაც ცხოვრებაში მიმოგზაურია.

სახლში დაბრუნების შემდეგ ინდოეთის საიმიგრაციო სამსახურმა განმიმარტა, რომ ჩემი უკან გამოგზავნის მიზეზი გახდა ჩემს მიერ წარდგენილი მცდარი ინფორმაცია ჩემი ცხოვრებისა და მოგზაურობის მიზეზის შესახებ. მსურს გავიგო თუ რის საფუძველზე მივიდა ამ დასკვნამდე ის ბატონი, რომელმაც გამომკითხა? ყველა დოკუმენტი კანონიერი იყო და შეესაბამებოდა იმ ინსტრუქციას, რაც თქვენს პორტალზეა გამოქვეყნებული, მაშინ რა გავაკეთე შეცდომით?

ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობენ, გამოარკვიეს საწინააღმდეგო რამ. საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციით, ჩემი პასპორტი დაზიანებული და შესაძლოა დუბლირებული იყო. შეგიძლიათ შეხედოთ ჩემს პასპორტს და მითხრათ, თუ ის საკმარისად კარგია სხვა ქვეყნებისთვის, სადაც მიმოგზაურია, მაშინ რა პრობლემა იყო თქვენს ქვეყანაში.

შემდგომმა გამოძიებამ უფრო ბნელი პრობლემა გამოააშკარავა. შემატყობინეს, რომ თქვენი სასაზღვრო ოფიცრები ყოველდღიურად უსაფუძვლოდ უკან აბრუნებენ ელექტრონული ვიზის მქონე ინდოელი მოგზაურების თითქმის 90 %-ს. ეს შეიძლება იყვნენ ოჯახები, წყვილები ან მარტოხელა მოგზაურები, როგორც მე.

მინდოდა გადამემოწმებინა, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ინდოელებისადმი მოულოდნელად გაჩენილი სიძულვილის მიზეზი იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წელს ინდოეთის სექტორიდან საქართველოში ტურიზმი 80 %-მდე გაიზარდა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი შემოსავლები ჩემი ქვეყნიდან თქვენს ქვეყანაში.

იცით რა აღმოვაჩნე? საქართველოს მთავრობამ ინდოელი ფერმერები მიიწვია, რომ ჩავიდნენ საქართველოში და დაამუშაონ ის მიწები, რომლის დამუშავება ქართველ ხალხს არ შეუძლია. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაპატიჟებული ინდოელების ამ მოულოდნელმა ნაკადმა გააძლიერა უკმაყოფილება და სიძულვილი ინდოელების მიმართ, რამაც ვფიქრობ შედეგად გამოიწვია ის, რომ თქვენი სასაზღვრო მოხელეები არიან რასისტები და ჩვეულებრივი ინდოელების ნაცვლად წყვეტენ მათი მოგზაურების გეგმებს.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ თქვენი ქვეყანა უზარმაზარი იმედგაცრუებაა. მთელი ჩემი აღტაცება საქართველოს აღმოჩენისა იყო უადგილო. უკეთესი იქნებოდა, ჩემი დრო და ფული სხვა ადგილზე წასასვლელად დამეხარჯა, რომელიც ნამდვილად მეგობრულია და ტურიზმზე ზრუნავს.

ასევე, მინდა გთხოვოთ, სულ მცირე, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ იმ სხვა ადამიანებისთვის, რომლებსაც დეპორტაციას უკეთებთ, არის ის, რომ მათ მოეპყრათ როგორც ადამიანებს. აუხსნათ მიზეზი, მისცეთ საკვები, წყალი და ადგილი მოსასვენელად. არავინ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, რაც მე მერგო. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ადამიანებმა და სახელმწიფოებმა ერთად უნდა იმუშაონ და პატივი სცენ ერთმანეთს. ასეთი გულგრილობა ადამიანების მიმართ მხოლოდ უკმაყოფილებასა და ბრაზს გამოიწვევს, რასაც მსოფლიო არ იმსახურებს"- წერს ქუშბუ ქოშალი წერილში, რომლის ადრესატი საქართველოს ელჩია.

ინდოელი მოგზაურის ამ წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია.

გუშინ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა მონაცემები 2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების შესახებ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ექვს თვეში საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ინდოეთიდან და +133 % შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]