weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართულ სანელებლებში ტყვიის საგანგაშო დოზა 2017 წელსაც აღმოჩნდა - NYC

12:53 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

"ჩვენ მრავალი წელია ვამოწმებთ ქართული სანელებლების უამრავ ნიმუშს (ბოლოს ეს მოხდა 2017 წელს) და ზოგიერთ მათგანში გამუდმებით ვპოულობთ განსაკუთრებით მაღალი დონის ტყვიის შემცველობას" - უთხრა "ამერიკის ხმას" ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა კაროლინა როდრიგესმა. მისი თქმით, დეპარტამენტი ვალდებულია ეს ინფორმაცია პოტენციურ მომხმარებლებში გაავრცელოს.

შესაბამისად, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა იმპორტირებულ ქართულ პროდუქტში ტოქსიკური ლითონის მაღალი შემცველობის გამო, არაერთხელ მიმართა საქართველოს გენერალურ საკონსულოს ნიუ-იორკში. კერძოდ, ეს მოხდა 2011 და 2015 წლებში, რათა მათ ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ: შეეტყობინებინათ სანელებლების სავარაუდო მომხმარებლებისთვის და ეცნობებინათ შესაბამისი "უწყებებისთვის საქართველოში, საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით".

შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ნორმით, ტყვიის შემცველობა საკვებ პროდუქტში, მაგალითად ტკბილეულში, არ უნდა აღემატებოდეს 0.1 ppm-ს (0.1 ერთეულს მილიონზე). საქართველოდან ჩამოტანილი სანელებლების და შეზავებული სუნელების ნიმუშებში ტყვიის შემცველობა ზოგჯერ ძალიან მაღალია და 27 000 ppm-ს აღწევს.

რჩება თუ არა დღესაც ძალაში ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული გაფრთხილება? ამ კითხვაზე დეპარტამენტის პრესსპიკერი კაროლინა როდრიგესი ერთმნიშვნელოვანად გვპასუხობს: "დიახ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ნიუ-იორკში ტყვიით მოწამლვის შემთხვევები, რომელიც საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გამოგზავნილ სანელებლებს უკავშირდება". ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს "ამერიკის ხმა" 30 ივნისს ესაუბრა.

კაროლინა როდრიგესის თქმით, თუკი პაციენტის სისხლში ტყვიის შემცველობა 10 მგ’დლ-ზე მეტია, სააგენტოს ტყვიით მოწამლვის პრევენციის პროგრამა მასთან გასაუბრებას და მის საცხოვრებელ სახლში გამოძიებას იწყებს. ამ დროს სახლის სხვადასხვა ზედაპირიდან და საეჭვო პროდუქტებიდან სინჯებს იღებენ, ტარდება მათი ლაბორატორიული გამოკვლევა და ხდება "პოტენციური წყაროების იდენტიფიცირება". ამის შემდეგ, თუკი ტყვიის წყაროს წარმომავლობა დადგინდა, კონტროლი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება, სანამ მისი სრული ელიმინაცია და მომავალში რისკების მინიმუმზე დაყვანა არ მოხდება.

არ არსებობს ტყვიის უსაფრთხო და დასაშვები ნორმა ადამიანის ორგანიზმში - აცხადებს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი. ტყვიასთან შეხებას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. ტყვიას კანცეროგენული, ანუ კიბოს პოტენციურად გამომწვევი ნივთიერების კლასიფიკაციას აძლევს ჯანდაცვის რამდენიმე წამყვანი ორგანიზაცია.

"ამერიკის ხმა" 7 წლის ნიუ-იორკელი ბავშვის მამის კომენტარს ციტირებს. ბავშვის მამა ყვება, რომ მას შემდეგ, რაც მის შვილს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, სახლში ჯანდაცვის დეპარტამენტიდან მივიდნენ და ყველანაირი ზედაპირიდან სინჯები აიღეს. მისი თქმით, ტყვია მხოლოდ "საქართველოდან გამოგზავნილ უცხო სუნელში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით". შემდეგ, ექიმისგან გაიგეს, რომ ქართველებში ეს ხშირი შემთხვევა იყო და ამიტომ, ოჯახის დანარჩენი წევრების გასინჯვაც იყო საჭირო. "მთელ ხუთსულიან ოჯახს აღმოგვაჩნდა სისხლში ტყვია მაღალი რაოდენობით" - ამბობს ის.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის გაფრთხილება მხოლოდ ქართულ სანელებლებს არ ეხება. იმპორტირებულ პროდუქტებში, რომელშიც ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, სახელდება ბანგლადეშის სანელებლებიც; თიხის ჭურჭელი, რომელიც დამზადებულია მექსიკაში, ეკვადორში, თურქეთსა და უზბეკეთში; სხვადასხვა ქვეყნის კოსმეტიკური თუ რელიგიური დანიშნულების ნაწარმი; ბავშვის სათამაშოები და მოზრდილთა სამკაულები.

ტოქსიკური ლითონის მაღალი შემცველობის ქართულ სანელებლებს შორის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ დასახელებულია: ყვითელი ყვავილი, ზაფრანა; სვანური მარილი; ხმელი სუნელი, ან ხარჩოს სუნელი; მწარე წიწაკა, დაფქვილი ჩილი, წიწაკა, დაფქვილი კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი; ქართული მარილი, ან სვანური მარილი; უცხო სუნელი, ან შამბალა; მშრალი აჯიკა; საცივის სუნელი.

გაფრთხილების დასასრულს, ჯანდაცვის დეპარტამენტი შემდეგ რეკომენდაციას იძლევა: "თუ თქვენ მიიღეთ სანელებლები საქართველოდან, სთხოვეთ თქვენს ექიმს, ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი ტყვიაზე. თუ არ გყავთ ექიმი, დახმარების მისაღებად, დარეკეთ 311-ზე". განცხადება ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე ინგლისურ და ქართულ ენებზეა გამოქვეყნებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]