პირველი არხის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია ჩვენი უნიკალური შენატანია ქრისტიანულ ცივილიზაციაში.
„ქართული ღვინო და ქართული პოლიფონია ერთმანეთს ავსებენ, ეს არის ჩვენი დიდი საგანძური და მინდა თითოეული თქვენთაგანი დავარწმუნო, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს ამ საგანძურის შენარჩუნებას, დაცვას და ამავე დროს ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფოლკლორის ცენტრი, საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს 7 ახალი სკოლა დაემატება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ანთოლოგია „ქართული გალობა“ მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას. მრავალტომეული ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ფონდი „ქართული გალობის“, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით სვიმონ ჯანგულაშვილმა და ლევან ვეშაპიძემ მოამზადეს.