ცოლ-ქმარი ნინოწმინდაში ცხოვრობს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი წლის წინ, 2018 წლის 15 მარტს ქალმა პოლიციას მიმართა და მეუღლე ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა, გამოძიების ეტაპზე სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ძალადობის მსხვერპლი კაცი იყო და ბრალი ქალს წარედგინა. ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობს.
„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, კაცი ამბობს, რომ ცოლი ფიზიკურად უსწორდებოდა და ემუქრებოდა. ქალი კი მუქარაში ქმარს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის ცივი იარაღის გამოყენებით მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა.
შსს-ს ცნობით, ცოლმა ქმარს მიმდინარე წლის პირველ მარტსაც უჩივლა და ძალადობაში დაადანაშაულა. ორივე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.