weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას საიუბილეო მარკა გამოუშვა

10:16 კვირა, 31 მარტი 2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ სპეციალური საფოსტო მარკა გამოუშვა. მარკის ტირაჟი 20 ათასი ცალია, ხოლო ნომინალური ღირებულება 2 ლარს შეადგენს.

მარკის ფოტო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა საიუბილეო მარკა. ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე!“ – წერს მამუკა ბახტაძე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები. განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის აწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა.

18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება.

გარდა ამისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი მიენიჭება.

ზვიად გამსახურდია, ცნობილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ქართული დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის აპრილში აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად. იგი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განაახლა, თუმცა პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებები დღემდე დაუდგენელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]