weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საშობაო ლიტურგიის უნებართვოდ ტრანსლაციისთვის პირველმა არხმა აჭარის ტელევიზიას უჩივლა

17:02 კვირა, 31 მარტი 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ „საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხის“ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ნებართვის გარეშე ტრანსლაციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, კერძოდ, გაფრთხილება მისცა. შესაბამისი გადაწვეტილება კომისიამ 7 მარტის სხდომაზე მიიღო.

კომისიას სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მიმართა განცხადებით, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 6 და 7 იანვარს, აჭარის ტელევიზიამ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, ნებართვის გარეშე საკუთარ ეთერში განათავსა პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოითხოვა კომისიის მიერ ამ საკითხის შესწავლა და აჭარის ტელევიზიის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადების თანახმად, აჭარის ტელევიზიამ ისე შეცვალა კადრი ტრანსლაციის დროს, რომ დაიკარგა პირველი არხის ლოგო.

კომისიის 2019 წლის 21 თებერვლის სხდომაზე აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ განმარტა, რომ საშობაო ლიტურგიის ტრანსლირებისას არ დარღვეულა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. ქორიძის განმარტებით, მათ მიერ, ტრადიციულად განხორციელდა საშობაო ლიტურგიის ტრანსლირება, რა დროსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოყენებული იყო ასევე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიგნალი.

ზვიად ქორიძის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსებული საშობაო ლიტურგიიდან ჩართვა, თუმცა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წინა წლებში აღნიშნულთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება არ ჰქონია.

ამასთან, ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ასევე ახორციელებს აჭარის ტელევიზიის გადაცემ(ებ)ის გადაცემას საკუთარ ეთერში წინასწარი ნებართვის გარეშე, რაზეც არასდროს ტელევიზიას პრეტენზია არ განუცხადებია, ვინაიდან ორივე არხი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქმე ეხება საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას, რომლის გადაღება/პირდაპირ ეთერში ტრანსლირება არ წარმოადგენს რომელიმე არხის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ უფლებას.

ზვიად ქორიძემ ასევე, განმარტა, რომ აჭარის ტელევიზიას არ ჰქონდა პირველი არხის ლოგოს დაფარვის წინასწარი განზრახვა.

კომუნიკაციების კომისია თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ აჭარის ტელევიზიის ეთერში განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაცემული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია 43 წუთის განმავლობაში, რომლის დროსაც, ერთ-ერთი ჩართვისას, დაფარულ იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლოგო.

„ზემოაღნიშნული ტრანსლირება განხორციელდა შესაბამისი ნებართვის გარეშე, რომელზეც არ ვრცელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლებების თავისუფალი გამოყენების შესაძლებლობა, ნებართვის და ჰონორარის გარეშე, ვინაიდან მოცემული შემთხვევა არ აკმაყოფილებს არც ერთ პირობას, რომელიც გათვალისწინებულია მითითებული კანონის 51-ე მუხლის მეორე პუნქტით“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

კომისიას მიაჩნია, რომ აჭარის ტელევიზიამ დაარღვია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულება, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები. 

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის. შესაბამისად, მაუწყებელს დაეკისრა გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]