weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2018 წელს სამუშაო ადგილებზე 59 ადამიანი დაიღუპა, 199 დაშავდა – სახალხო დამცველი

16:58 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სამუშაო ადგილებზე 59 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 199 დაშავდა.

სახალხო დამცველის შეფასებით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული შემაშფოთებელი ვითარება არ გაუუმჯობესებია, რაც მისი არსებითი ნაკლოვანებებით იყო განპირობებული.

სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე მიმდინარე გამოძიების შედეგებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ანგარიშის მიხედვით, სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, რაც 2017 წლის მაჩვენებელს (128 ფაქტი) ბევრად აღემატება. აქედან, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მხოლოდ 19 შემთხვევაში. სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება.

„საქართველოს საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი განაჩენების ანალიზით დგინდება, რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე. საქმეთა დაახლოებით 69% (22 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. ერთი საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, რაიონულ პროკურატურას დაუბრუნდა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, წინ გადადგმული ნაბიჯია 2019 წლის თებერვალში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მოქმედება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. ამავე დროს, შრომის ინსპექტორებს მოეხსნებათ სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები. სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარად, საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„სამწუხაროდ, შინაარსობრივი მისადაგების მიუხედავად, აღნიშნული სტანდარტების დამდგენი კონვენციები საქართველოს ამ დრომდე არ აქვს რატიფიცირებული. ამ კუთხით, დროული ნაბიჯების გადადგმა უპირობო აუცილებლობად რჩება იმის გათვალისწინებითაც, რომ მათი რატიფიკაციის საკითხი ჯერ კიდევ 2014 წლის 1 სექტემბრიდან არის ხაზგასმული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით. ამავე დროს, აღნიშნული სტანდარტების მიხედვით, შრომის ინსპექციის სისტემა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებთან ერთად, შრომის პირობებთან დაკავშირებული სხვა დებულებების აღსრულებასაც (სამუშაო საათები, ხელფასი, დასვენების დრო და სხვ.) უნდა მოიცავდეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]