როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ამ ადგილზე დარჩებიან მანამ, ვიდრე მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ. ამისთვის თბილისის მერ კახა კალაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ვადა 23:00 საათამდე მისცეს.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
აქცია-მსვლელობა „სოლიდარობის ქსელის“ ორგანიზებით იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ქმედითი ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადაიდგას და ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი არა პირველი სექტემბრიდან, არამედ დღესვე მიენიჭოს.
31 მარტს, სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ 26 და 40 წლის მამაკაცები ქვეშ მოიყოლა. ორივე მათგანი გარდაიცვალა. ჭავჭავაძის N5-ში საავადმყოფოს კომპანია „ტრანსმშენი“ აშენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება მათ მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას - „ხიმიჯმშენს“ ეკისრებოდა. კომპანიის განცხადებითვე, გარდაცვლილი მუშები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.
ამ თემაზე:
2018 წელს სამუშაო ადგილებზე 59 ადამიანი დაიღუპა, 199 დაშავდა – სახალხო დამცველი