სტუმრობის მიზანია "კახეთი-იონის" ონკოლოგიურ განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც კახეთის მოსახლეობა მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებს. პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე მიიღონ ისეთივე საერთაშორისო სტანდარტის მკურნალობა, უსაფრთხო და წარმატებული, როგორიც ეს დედაქალაქში ან სხვა ქვეყანაშია.
შემდგომი ეტაპი უკვე კონკრეტული ვიწრო სპეციალიზაციის მკურნალობის სქემების და პაციენტის ერთობლივი მართვის დაგეგმვა იქნება.
ვიზიტები რეგულარულად მოხდება და მოსახლეობა ადგილზე მიიღებს სრულფასოვან მომსახურებას. უახლოეს მომავალში უკვე ჩამოვლენ ამავე ცენტრის ფარისებრი ჯირკვლის მართვის სპეციალისტები: თავკისრის ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრაბგერის სპეციალისტი, ციტოლოგი და ა.შ.
"კახეთი-იონის" გენერალური დირექტორის, თამარ ცანკაშვილის თქმით, სტუმრებმა სამედიცინო ცენტრი დაათვალიერეს და მკურნალობის შესაძლებლობებს გაეცნენ.
"დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, კიდევ ერთი ურთიერთობის ჩამოყალიბება მარდალეიშვილის კლინიკის მედპერსონალთან. სამომავლოდ, ონკოლოგიური დეპარტამენტის გაძლიერების მიზნით, ვგეგმავთ მათთან ურთიერთთანამშრომლობას. აქ ყველაზე მნიშნელოვანია ნია შარიქაძის ფაქტორი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩვენს კლინიკასთან თანამშრომლობს."
შეხვედრას ონკოქირურგებთან ერთად „კახეთი-იონის“ ექიმები და ვიცე-პრეზიდენტი ჟაკ სიმარი ესწრებოდა.