როგორც „რეგინფოს“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, თამილა თეიმურაზიშვილმა განუცხადა, 13-ვე ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში დღის პირველ ნახევარში, ღებინებით შეიყვანეს, ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმე იყო. მისივე ინფორმაციით, ყველაზე პატარა პაციენტი სამ წლამდე ასაკისაა, ყველაზე დიდი კი ექვსის. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. რაც შეეხება რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ ათ ბავშვს, საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექიმები, ისევე როგორც საბავშვო ბაღის დირექტორი ნაირა გავაშელიძე, ინტოქსიკაციის გამომწვევ მიზეზებზე ამ დროისთვის კომენტარს ვერ აკეთებენ.
„დღეს საბავშვო ბაღში 32 აღსაზრდელი გვყავდა. ღებინება ჯერ ბაგის ჯგუფის ბავშვებს დაეწყოთ, შემდეგ კი უფროსებს. საბოლოოდ საავადმყოფოში 23 ბავშვი გადავიყვანეთ. საბავშვო ბაღის თანამშრომლებიდან არავინ მოწამლულა. პროდუქტის შეახვის ვადები და საკვების მომზადების ხარისხი დაცულია. წყლის სინჯები ბოლოს გასული წლის ზაფხულში შეამოწმეს და ნორმებს აკმაყოფილებდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სინჯები აიღო და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი“, – უთხრა „რეგინფოს“ საბავშვო ბაღის დირექტორმა ნაირა გავაშელიძემ.
მისივე ინფორმაციით, მომხდარის გამო საბავშვო ბაღი სულ მცირე სამი დღის განმავლობაში არ იმუშავებს.