weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქტივისტმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დავა მოუგო

12:13 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა და ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო გოგოლაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს სასამართლოში დავა მოუგო. სიუჟეტისთვის დადგმული კადრის გამო, დეპარტამენტი გოგოლაშვილს გარემოს დანაგვიანებას ედავებოდა და მის დაჯარიმებას ითხოვდა.

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული საქმე გუშინ, 2 აპრილს განიხილეს. ნინო გოგოლაშვილის თქმით, მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილმა სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო საქმის წარმოება შეწყვიტა.

„სასამართლოში წარვადგინეთ სიუჟეტი და მოსამართლეს ავუხსენით, რომ ეს იყო დადგმული კადრი და ჩემს მიერ გარემოს დანაგვიანებას ადგილი არ ჰქონდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი ირწმუნებოდა, რომ სამართალდარღვევისთვის ზომების მიღება იყო საჭირო, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა. ადგილობრივი თვითმმართველობა, იმის ნაცვლად, რომ ამ ხევში სტიქიური ნაგავსაყრელი მოაწესრიგოს და ურნები დადგას, მე მებრძვის, აგზავნიან კონტექსტიდან ამოჭრილ კადრებს და მოითხოვენ ჩემს დაშინებას“, – ამბობს გოგოლაშვილი.

ნინო გოგოლაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 11 მარტს, მას შემდეგ შეუდგინეს, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანაგაში არსებული უკონტროლო ნაგავსაყრელის შესახებ სიუჟეტი გავიდა. ბოლო კადრებში ჩანს, რომ სიუჟეტის ერთ-ერთი გმირი, ნინო გოგოლაშვილი სტიქიურ ნაგავსაყრელზე ნარჩენებს ყრის. გოგოლაშვილი განმარტავდა, რომ ნაგავი, ჟურნალისტის თხოვნით, მხოლოდ პრობლემის წარმოჩენის მიზნით გადაყარა, შემდეგ კი აიღო.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნული იყო, რომ ნინო გოგოლაშვილმა ხევში 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენი გადაყარა. ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]