საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული.
„სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული.
გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად სჩადიოდნენ ქურდობის ფაქტებს.
დაკავებულ საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად ედება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთწლიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთსა და საქართველოში.