გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება ყველას აქვს.
15.58 მეგავატი დადგმული სიმძლავრის „ჭიორა ჰესის“ მშენებლობა მდინარე ჩვეშურას ხეობაში იგეგმება. დაგეგმილია ორი სათავე ნაგებობის მოწყობა, კერძოდ, მდინარე ჩვეშურასა და მდინარე ხვარგულაზე. ჩვეშურაზე 4 მეტრი სიმაღლის კაშხალი აშენდება, მდინარე ხვარგულაზე კი 1 მეტრი სიმაღლის.
პროექტის მიხედვით, ჩვეშურაზე განთავსებული კაშხლის წყალმიმღებიდან რკინა/ბეტონის 591 მეტრიანი არხით, წყალი მიეწოდება ხვარგულაზე განთავსებულ წყალშემკრებ გალერეას.
მდინარე ხვარგულას სათავე ნაგებობიდან კვანძის შენობას წყალი მიეწოდება სადაწნეო მილსადენის საშუალებით, რომლის დიამეტრი იქნება 1.7 მ, ხოლო სიგრძე 2690 მ. სადაწნეო მილსადენის შემდგომი მონაკვეთი, რომლის სიგრძე იქნება 891 მეტრი, ხოლო დიამეტრი 1.7 მეტრი გაივლის გვირაბში, რომლის გაყვანაც ბურღვა-აფეთქების მეთოდით იგეგმება.
გვირაბი თაღოვანია, ზომით 3.3 X 3.5 მ. პროექტის მიხედვით, წყალი გვირაბში მილსადენით გაივლის და არ მოხდება გვირაბის ამგები ქანების გაწყლოვანება, რაც რაიმე სახის საშიში გეოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებას არ გამოიწვევს.
ჰესის შენობის განთავსება დაგეგმილია სოფელ ჭიორასა და სოფელ ღებს შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე. ტურბინებიდან გამომუშავებული წყალი მიწის ღია არხით რიონში ჩაეშვება.
პროექტის მიხედვით, სათავე ნაგებობების, ძალური კვანძის, სადერივაციო სისტემის მშენებლობისათვის არ გახდება საჭირო ახალი გზების მოწყობა. ახალი დროებითი გზა მხოლოდ გვირაბის სამხრეთ პორტალთან მისასვლელად მოეწყობა, რომლის სიგრძეც 1160 მეტრია.
პროექტში ყურადღებაა გამახვილებული მდინარე ჩვეშურასა და მდინარე ხვარგულას ღვარცოფულ ხასიათზე. ჩვეშურას აქვს საკმაოდ დიდი წყალშემკრები აუზი. ისევე როგორც მდინარე ჩვეშურა, მისი შენაკადების უმეტესობა, სათავეს იღებს მყინვარებიდან. მათი ხეობის ფერდობებზე განვითარებულია ეროზიული პროცესები. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ხეობებში დაგროვილი იყოს მყინვარებიდან და ფერდობებიდან ტრანსპორტირებული მყარი ნატანი. თოვლის დნობის და ატმოსფერული ნალექების გავლენით მოსალოდნელია ღვარცოფული ნაკადის ჩამოყალიბება.
მდინარეებში ნაკადულის კალმახის ბინადრობა დადასტურდა. ნაკადულის კალმახი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. პროექტის მიხედვით, სათავე ნაგებობები აღჭურვილი იქნება თევზსავალით. დამონტაჟდება თევზამრიდი მოწყობილობაც.
მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმის ცვლილებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს აქ მობინადრე წავზე. ხოლო, რაც შეეხება მეორე დაცულ სახეობას დათვს, ის პროექტის არეალში მხოლოდ დროებით შემოდის და პროექტის გავლენა მასზე პრაქტიკულად არ აისახება.
ჭიორას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შპს „ჭიორა ჰესს“ სურს. კომპანიის 100 % წილის მფლობელი გივი გიგინეიშვილია, დირექტორი კი მისივე ოჯახის წევრი გიორგი გიგინეიშვილი. შპს „ჭიორა ჰესი“ 2018 წლის 20 აპრილს არის რეგისტრირებული.
2019 წლის 22 მარტს, კომპანია „ჭიორა ჰესმა“ გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგინა განცხადება „ჭიორა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.