კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - „კლანი“ არსებობს. მათგან 87% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა „კლანი“ მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა „კლანის“ წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.
კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის დიდი უმრავლესობის - 83%-ის აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
იმ პირობებში, როდესაც სასამართლი სისტემის მიმართ ნდობა დაბალია, მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41%-ის აზრით, ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით, 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2087 რესპონდენტი. საშუალო ცდომილების ზღვარი 2.3 %-ია.