შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე, სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.
„კლინიკის მფლობელი გამომძალველს სხვადასხვა ოდენობის თანხას სისტემატურად უხდიდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მან დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. პოლიციამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.