weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Facebook-ში კიდევ 15 სახელისუფლებო ტროლი გამოავლინეს – MDF-ის კვლევა

15:08 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

„მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 4 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, სოციალურ ქსელ Facebook-ში 15 ყალბი, სახელისუფლებო ტროლების პროფილები გამოავლინეს.

გამოვლენილი 15 პროფილიდან 11 რუსული სოციალური ქსელების – „ოდნოკლასნიკებისა“ და VKontakte-ს მომხმრებლების იდენტობას იპარავს, ორი – სერიალის პერსონაჟების, ერთი Facebook-ის მომხმარებლის და გამოცემა „ლიბერალის“ თანამშრომლის, ხოლო ერთიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის.

MDF-ის მკვლევარებს ამ სექციაში ყვითლად აქვთ მონიშნული ის პროფილები, რომლებიც ტროლებს მეგობრებში ჰყავთ დამატებული და ისინიც სხვა ადამიანების იდენტობას იპარავენ. ამასთან, ისინი ერთმანეთის ფოტოებს, კომენტარებს და პოსტებს იწონებენ, ერთმანეთთან ინტერაქციაში შედიან, რაც, კვლევის ავტორების თქმით, არ გამორიცხავს ვარაუდს, რომ აღნიშნული პროფილები ერთი ანგარიშიდან იმართებოდეს.

კვლევის თანახმად, ყალბი პროფილების ხელისუფლებასთან კავშირებზე შემდეგი ფაქტორები მიანიშნებენ:

- იდენტიფიცირებული ტროლები მმართველი პარტიის ან ცალკეული უწყებების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ. ეს გზავნილები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მმართველი პარტიის პოზიციებთან მოდის თანხვედრაში და ზოგჯერ კამპანიური სახისაა;

- იდენტიფიცირებული ტროლების უმეტესობა სიმპათიებს გამოხატავს თბილისის მერ კახა კალაძის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. პოსტების დიდი ნაწილი შსს-ს მიერ კრიმინალთან ეფექტიან გამკლავებას ეხება;

- 15-დან 9 ტროლს ყველაზე ხშირად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ღონისძიებების ამსახველი ფოტოები აქვს მოწონებული და ბევრ მათგანს უშუალოდ სამინისტროს პოსტები გაზიარებული;

- კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული ტროლები, სოციალურ ქსელში ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკულ პოსტებზე მწვავედ რეაგირებენ და საპირისპიროს დამტკიცებას თავიანთი კომენტარებით ცდილობენ;

- მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი პოსტებისა და კომენტარების გარდა, როგორც TBC ბანკის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ ტროლები კამპანიურად ერთვებიან და ერთგვაროვანი გზავნილების შემცველ პოსტებს ორგანიზებულად ავრცელებენ;

- ტროლები მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ფეისბუკ ჯგუფებში არიან გაწევრიანებული, ასევე იდენტური ფეისბუკ გვერდების და მედიების ინფორმაციას ავრცელებენ.

კვლევის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში ტროლები იდენტურ კომენტარებს ტოვებდნენ სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ იმ ინფორმაციებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მიერთების გეგმებს შეეხებოდა, ასევე აბასთუმნის ტუპდისპანსერის დახურვას და ივანიშვილის აღნიშნული ადგილით დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ცნობებს, რაც სასტუმროს აშენებას უკავშირდება. ტროლები კომენტარებში ან გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს აყენებდნენ ეჭვქვეშ ან სასტუმროს აშენების მიზანშეწონილობას ასაბუთებდნენ.

კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების შესახებ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, ტროლები ხშირად აქვეყნებდნენ ისეთ პოსტებს, რომლებიც დანაშაულის გახსნას შეეხებოდა, ასევე პოზტიურად წარმოაჩენდნენ თავად შინაგან საქმეთა მინისტრს და არასწორი ფაქტების გავრცელებაში ძირითადად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ადანაშაულებდნენ.

კვლევის თანახმად, 15-დან 9 ტროლს ყველაზე ხშირად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ღონისძიებების ამსახველი ფოტოები აქვს ყველაზე ხშირად მოწონებული და ბევრ მათგანს უშუალოდ სამინისტროს პოსტები გაზიარებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში „თიბისი ბანკის“, კერძოდ კი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის ახალი ტალღა 4 მარტს დაიწყო, როდესაც ის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

პირად პროფილზე გამოქვეყნებული პოსტების გარდა, იდენტიფიცირებული ტროლები კომენტარებს სხვადასხვა მედია-საშუალების ფეისბუქ პოსტებზე ტოვებდნენ, ასევე ხშირად აქვეყნებდნენ ან აზიარებდნენ პოსტებს საჯარო Facebook-ის ჯგუფებში. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე პოსტის ქვეშ რამდენიმე ტროლის კომენტარი გვერდიგვერდ ან რამდენიმე წუთის ინტერვალით ჩნდებოდა.

„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო ტროლები Facebook-ში არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციასაც ახდენდნენ. ამით დაკავებულები იყვნენ სწორედ ის ტროლები, რომლებიც სოციალურ ქსელებში მმართველი გუნდის გზავნილების გამავრცელებლები და „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის მონაწილეები იყვნენ.

კვლევას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]