„დღეს მისი სასჯელის მოხდის ვადა ამოიწურა. ტარიელ ონიანი გათავისუფლებულია კოლონიიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისი შემდგომი ბედი სამართალდამცველების კომპეტენციაშია“, – განაცხადეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.
სააგენტო წერს, რომ შესაძლოა ე.წ. კანონიერი ქურდი რუსეთიდან გააძევონ, რადგან მას ამ ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს.
ტარიელ ონიანი 2009 წელს დააკავეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გამოსასყიდის მიღების მიზნით მოსკოველი ბიზნესმენის გატაცებისთვის. ის სასჯელს ორენბურგის ოლქის ერთ-ერთ კოლონიაში იხდიდა, რა დროსაც სასჯელი ორი თვით შეუმცირდა.
2005 წლის ივნისში ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის 28 წევრი დააკავეს. მათ შორის იყვნენ ესპანეთის, რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები. მაშინ ონიანმა გაქცევა მოახერხა. მასზე საერთაშორისო ძებნა ესპანეთმა 2006 წელს გამოაცხადა. საქმე ეხებოდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების გამოძიებას.